ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ “კამარა ჰესის” პროექტის განხორციელების პროცესში ინვესტორის პასუხისმგებლობაა, რომ მოსახლეობასთან დიალოგი შედგეს და კონსენსუსი იქნეს მიღწეული.
“კამარა ჰესის” მშენებლობას ყაზბეგში მოსახლეობა აპროტესტებს. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ჰესის მშენებლობით თერგი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე კალაპოტში მოექცევა, რაც მიუღებელია. მოქალაქეები ჰესის მშენებელი კომპანია “კამარა ენერჯის” წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და აღნიშნული შეხვედრა 27 ნოემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
BMG დღეს ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, არის თუ არა აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით საქმის კურსში და რა პოზიცია აქვს. “მსგავს ვითარებებში მთავრობა ადგილზე მაშინ ჩადის, როცა სიტუაცია უკვე ძალიან რთულია. რას აპირებთ ამ ჰესთან დაკავშირებით? ხუთი წელი რომ უძრაობა გვქონდა, რა გააკეთეთ და რა გავაკეთეთ ერთად იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობის განწყობები შეცვლილიყო? რას აპირებთ? ხომ არ აპირებთ ჩახვიდეთ[ყაზბეგში], იმიტომ რომ მაშინ ჩადიხართ ხოლმე როცა "ხანძარი დაინთება” - მიმართა ჟურნალისტმა მინისტრს.
„ჰესების საკითხში ორი ნაწილია, ერთი არის ეკონომიკური და მეორე - გარემოსდაცვითი და სოციალური. ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ შემოვიღეთ მხარდამჭერი მექანიზმი (CFD ტარიფი), რომელიც ვფიქრობ, რომ კარგად იმუშავებს. ამ ახალ მექანიზმზე რეზონანსი დადებითია როგორც სექტორის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორ შეიძლება მაღალი კონკურენციის პირობებში სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება და სექტორის მხარდაჭერა. ეს ასე მოხდა, ახლა მეორე აუქციონს ვაცხადებთ და ამ პერიოდში ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს კერძო სექტორთან, რომ მათი შენიშვნები და მოსაზრებები იყოს ასახული.
მეორე ნაწილი არის სოციალური და გარემოს დაცვითი საკითხები. ენერგეტიკის განვითარებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა პროექტი შეიძლება ვერ განხორციელდეს. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში იყოს ბევრ პროექტზე ეკონომიკური მიზანშეწონილობა, მაგრამ არ იყოს გარემოსდაცვითი მიზანშეწონილობა. რამდენადაც ვიცი, "კამარა ჰესთან" დაკავშირებით არის დიალოგის პროცესი, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა, ეკონომიკური მდგომარეობა გაიმყარა. როცა საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, იქ ძალიან ბევრი საკითხი განიხილება, იქ არის კომპენსაციების საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მოსახლეობას შესთავაზოს პაკეტი და ამით მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღოს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ამ ნაწილში კონსენსუსი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად, ჰესებთან მიმართებით არსებულ განწყობებს, მინისტრი ამბობს: “ზოგადად, ჰესებს რაც შეეხება. არაერთი კომუნიკაცია შედგა და არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, შედგა მჭიდრო თანამშრომლობა განახლებადი ენერგიების ასოციაციასთან, კერძო სექტორთან, დონორებთან, USAID-თან იმისთვის, რომ თანმიმდევრული ყოფილიყო ჩვენი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ზოგადი განწყობები რადიკალურად განსხვავებულია ენერგეტიკული პროექტების კუთხით და ეს რეალობაშიც ასეა. წელს პირველად მივიღეთ ენერგეტიკული პროექტები ექსპლუატაციაში, გეგმაში არის კიდევ მიღება არაერთი პროექტის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვახდენთ ახალი ობიექტების განხორციელებას, ექსპლუატაციაში მიღებას. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს. ტენდენცია და ტრენდი ამ კუთხით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი”.
____________________________________
“კამარა ჰესი” CFD აუქციონებში გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია, რომლის სიმძლავრე 16,62 მგვტ-ს; ხოლო ტარიფი - 6,85 აშშ ცენტს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „კამარა ენერჯი“, რომელიც ყაზბეგით 2021 წელსაც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ პროექტის მიმართ შენიშვნები ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროსაც, რომელმაც სწორედ იმ წელს სკოპინგის ანგარიშზე დასკვნა არ გასცა. [სკოპინგი – ეს არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს].
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტს “კამარა ენერჯი” ახორციელებს, კომპანია 2014 წელს არის დაფუძნებული და მისი დირექტორი გიორგი ოდიშვილია. მისი 100%-იანი წილის მფლობელია “ჯორჯიან რენიუებლ ენერჯი”, რომელიც თავის მხრივ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორია ლევან მატუა, ხოლო 50%-50%-იანი წილები კი სენტ ლუსიის და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებულ ოფშორულ კომპანიებს “გრინთრი ჰოლდინგს” და “კარლისტონ ვენჩერს” ეკუთვნის.