ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი მრავალმილიარდიანი პროექტია, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება და ამაში ინვესტირებას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ ქვეყანაში უფრო მეტი გენერაცია გვექნება, სხვა შემთხვევაში, ინვესტირება გამართლება ვერ ექნებოდა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დასმულ კითხვას იმის შესახებ, მომავალი წლისთვის რა კონკრეტული გეგმები აქვს სამინისტროს ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით და რამდენად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა, ლევან დავითაშვილი პასუხობს:
„საქართველოს ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორი ქვეყანა იყოს. თქვენ იცით, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან მსხვილ სტრატეგიულ ინიციატივებზე, ერთ-ერთი ასეთი არის მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. უმთავრესი მიზანი არის, რომ ჩვენ ადგილობრივი გენერაციიდან მიღებული ელექტროენერგიის ექსპორტი გავაკეთოთ ევროკავშირში.
ეს მრავალმილიარდიანი პროექტია, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება და ამაში ინვესტიციას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უფრო მეტი გენერაცია გვექნება საქართველოში, სხვა შემთხვევაში, გამართლება ვერ ექნებოდა, მაგრამ ყველა ჩვენი პროგნოზით საქართველო შეძლებს, რომ მომავალში დამატებით ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან ვაწარმოოთ, რომელიც მათ შორის საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი. მიმდინარე წლის გენერაცია რეკორდული 13 მლრდ. კვტ.სთ-ზე მეტი იყო. მხოლოდ მიმდინარე პროექტები, რომელსაც სამინისტრო მართავს, კერძო სექტორთან ერთად, ის მემორანდუმები, რომელიც გაფორმებული აქვს დეველოპერებთან, დამატებით ერთი ამდენის გენერაციის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მიუხედავად, საქართველო ამ გენერაციას ვერ მოიხმარს, შესაბამისად, ქვეყანას რჩება საექსპორტო პოტენციალი.
„ზუსტად ამიტომ ვახდენთ დივერსიფიცირებას. დღეს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელიც მნიშვნელოვანი ბაზარია, ფასები მაღალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვები არსებობს გადაცემის შეზღუდვების კუთხით. მოიაზრება უფრო მეტი ინვესტიცია, რომ იგივე თურქეთთან უფრო მეტი მიწოდების საშუალება გვქონდეს, მაგრამ რაც უფრო დივერსიფიცირებული ვიქნებით, მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენს გენერაციაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვექნება, მომავალ წლებში, როგორც კერძო, ისე მნიშვნელოვან პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან მოხდება განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება და ქსელების ნაწილში ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ ენერგეტიკული პოტენციალი სრულად ავითვისოთ “, - თქვა მინისტრმა.
რაც შეეხება შეჩერებულ პროექტებს, მინისტრი ამბობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სათანადო კვლევების შემდეგ დავიწყებთ იმ პროექტების განვითარებას, რომლებიც შეჩერებულია და ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით არის მნიშვნელოვანი“, - თქვა მინისტრმა.