მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობასთან უფრო აქტიური დიალოგი უნდა გვქონდეს“ - მთავრობის ხედვა ენერგეტიკაში

63bd821813555
თელარა გელანტია
10.01.23 21:34
862
„ძირითად პრობლემას მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს ვაწყდებით და ამის გაუმჯობესება არის მთავარი გამოწვევაც და ამოცანაც, რომ მეგა თუ სტრატეგიული ენერგოპროექტები განვახორციელოთ“, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასული წლის ბოლოს BMGTV-ს გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში გააკეთა.

მოსახლეობაში ნდობის მოპოვების ერთ-ერთ გზას მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების განხორციელებაში თანამონაწილეობით ხედავს - აღნიშნული 2022 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გაიმეორა. „დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნენსკრაჰესის“ ინვესტორთან შეხვედრისას. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა ისიც, რომ მთავრობამ კომპანია „ტრანსელექტრიკასგან“ „ხუდონჰესის“ პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. პროექტზე აუქციონის გამოცხადებას მთავრობა წელს გეგმავს და მის აშენებაში თავადაც აპირებს მონაწილეობას.


- ბატონო ლევან, რატომ აპირებს მთავრობა მსხვილი ჰესების აშენებაში მონაწილეობას - ვინ დაგარწმუნათ, რომ მთავრობის ჩართულობა ნეგატიურ განწყობებს შეცვლის და მაგალითად, სვანეთის მოსახლეობა ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგი აღარ იქნება?

- საინტერესო კითხვაა... ცოტა შორიდან დავიწყებ პასუხის გაცემას - მოგეხსენებათ, ენერგეტიკა ეკონომიკის ყველა სხვა სექტორის კონკურენტუნარიანობასთან პირდაპირ კავშირშია - იქნება ეს ტურიზმი, გადამმუშავებელი მრეწველობა თუ სხვა. თუ ქვეყანას აქვს იაფი ენერგია, მას აქვს მეტი შესაძლებლობა სხვა დარგების განვითარებისთვის და - პირიქით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ზამთრის სეზონზე სხვა ქვეყნებიდან გვიწევს იმპორტი... რაც შეეხება უძრაობის პერიოდს ენერგეტიკაში, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - ელექტროენერგია ძალიან იაფი ღირდა, PPA მექანიზმი შეჩერებული იყო და სახელმწიფოც არაფერს სთავაზობდა ინვესტორებს მხარდაჭერის თუ გარანტიის კუთხით... შეიძლება თქვას, რომ ეს არის კერძო ინვესტორის რისკი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ენერგოდეველოპერებმა ამ პერიოდში ბევრი ვერაფრის განვითარება შეძლეს...

- თუმცა ეს მარტო ბიზნესის ბრალი არ იყო - გარდა იმ მიზეზებისა, რომელიც ჩამოთვალეთ, იყო ნეგატიური განწყობები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მიმართ, რაც დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას აზიანებდა...

- ჩვენ ყველაფერი გვესმის.. დღეს კი, ორი რამ ხდება - ენერგომატარებლებზე ფასები მაღალია, რაც ალბათ რამდენიმე წელი შენარჩუნდება და მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ფაქტორის მიუხედავადაც, გენერაციის ახალი ობიექტები გვაქვს ასაშენებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკაში ინვესტიცია გრძელვადიანია, ინვესტორებს სტაბილურობისთვის გარკვეული მყარი გარანტიების გაჩენა სჭირდებათ, რასაც მხოლოდ ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასებს და კონიუნქტურას ვერ მივანდობთ. ამდენად, ვფიქრობ, სწორია პრემიერის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მსხვილი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს.

- ის დრო და წლები დავკარგეთ, როცა არაფერი ხდებოდა?

- გაშვებული შესაძლებლობაა, გარკვეულწილად...

- ბატონო ლევან, შესაძლებლობების გაშვების მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ ხშირად მთავრობას ეშინოდა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის... ამის სამწუხარო მაგალითია „ნამახვანჰესის“ პროექტი, რომლის ინვესტორი კომპანია ENKA დღეს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის სახელმწიფოს...

- მოდით, ვისაუბროთ მომავალზე... ფლაგმან პროექტებსა და იმ მიზეზებზე, რატომაც საჭიროდ ჩაითვალა სახელმწიფოს როლის გააქტიურება. ხშირად ისმის კითხვები - რატომ უნდა შევიდეს ბიზნესში სახელმწიფო? - ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელებისას უფრო დიდი კომფორტი აქვთ ინვესტორებს, როცა ისინი სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებენ პროექტს და ეს არაა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში.

- „ფიცი არ გატყდება, ხაიში არ დაიტბორება“, - გიპასუხეს უკვე ხაიშის ნაფიცთა საბჭოდან („მთის ამბები“), როცა „ხუდონჰესის“ მშენებლობის დაწყება დააანონსეთ... ამდენად, ვინ ან რამ დაგარწმუნათ, რომ მთავრობის თანამონაწილეობა მსხვილი ჰესების მისამართით არსებულ განწყობებს შეცვლის ან გეყოფათ სითამამე არაპოპულარული ნაბიჯების გადასადგმელად?

- ვფიქრობ, მოსახლეობასთან უფრო აქტიური დიალოგი უნდა გვქონდეს. ეს გვევალება და ამ ვალდებულებას საჯაროდ ვაფიქსირებთ. ასევე, როცა ესა თუ ის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, ის გარკვეულწილად უნდა დაკომპენსირდეს.

- მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სოციალური პროექტის განხორციელება თუ კომპენსაციის მიცემა ხომ ახალი არაა?!

- ხალხს მკაფიო გარანტიები უნდა ჰქონდეს და ეს სწორედ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას. ხშირ შემთხვევაში, ნდობაც პრობლემაა და ვფიქრობ, სწორედ სახელმწიფოს აქტიურობით შეგვიძლია ეს ნდობაც შეგვქმნათ. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა და რწმენა, რომ ეს არის ქართული პროექტი, რომელიც კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური სიკეთის მომტანია.

- როგორ უნდა გააჩინოთ ეს ნდობა - მაგალითად, სვანეთის მოსახლეობისთვის ასეთი ავტორიტეტი თუ ინფლუენსერი ვინ უნდა იყოს?

- ძალიან კარგი კითხვაა... ძირითად პრობლემას ვაწყდებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს და ამის გაუმჯობესება არის მთავარი გამოწვევაც და ამოცანაც, რომ მეგა თუ სტრატეგიული ენერგოპროექტები განვახორციელოთ. მაქვს უშუალო ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვისაც სვანეთში აქვს პროექტები განხორციელებული, სადაც მოსახლეობასთან ურთიერთობა არ არის მარტივი. ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობის გაჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც მათთვის არის ავტორიტეტული. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს და ირწმუნოს, რომ ეს პროექტები მათთვის კეთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები