ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგები სექტემბერში ეცოდინებათ. პროექტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი კვლევის შედეგები პროექტში ცვლილებებს გულისხმობს.
„ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. ამიტომ მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანია “შტუკისთან“ მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია სექტემბერში გვექნება. ეს არსებულ პროექტში ცვლილებებს გულისხმობს. მათ შორის იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია. პროექტი ახალი პირობებით სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით განხორციელდება და კვალიფიციური პარტნიორები გვეყოლება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.