„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, სატიშ ბჰატის შეფასებით, საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების მიმართულებით დიდი პოტენციალია.
როგორც შუახევის ჰესების კასკადის მფლობელი კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყოს.
„როგორც იცით, "აჭარისწყალი ჯორჯია" ფლობს 187 მეგავატის დადგმულ სიმძლავრეს. ჩვენ მეორე უმსხვილესი სიმძლავრის მფლობელები ვართ ჰიდრო სადგურების მიმართულებით. წვლილი შეგვაქვს მთლიანი ადგილობრივი მოთხოვნის 5%-ის დაკმაყოფილებაში. საქართველოში მთლიანი დადგმული სიმძლავრეების დაახლოებით 76% ჰიდროზე მოდის. განვითარების დიდი პოტენციალია. თუ ნახავთ ქვეყნის ზოგიერთ ძველ ანგარიშს, 80 გიგავატის დადგმული სიმძლავრის შესაძლებლობაა.
გასული წლიდან მოყოლებული მცირე ვარდნაა ადგილობრივ მოთხოვნაში, რამაც საშუალება მოგვცა მეტი ენერგია გაგვეტანა ქვეყნის გარეთ, თურქეთში. გასული წლის მონაცემებით, საქართველო ენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყო. თუ შეისწავლით ჰიდროენერგიის მეტ არეალს, განავითარებთ მეტ პოტენციალს, დაამყარებთ დამატებით კავშირებს სხვა ქვეყნებთან, ნამდვილად შეძლებთ, იყოთ წმინდა ექსპორტიორი“,- აღნიშნა მან.
სატიშ ბჰატის თქმით, კომპანია იკვლევს ახალი ინვესტიციების შესაძლებლობებს. როგორც მან აღნიშნა, სადგურის შედეგები შესანიშნავია და „აჭარისწყალი ჯორჯია" მისი ეფექტურობის გასაზრდელად უახლეს ტექნოლოგიურ ინტერვენციებს იყენებს.
"აჭარისწყალი ჯორჯია" ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. კომპანიამ ქართულ ენერგოსექტორში 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.