2024 წლის 8 თვეში საქართველომ 4.06 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მცურავი საშუალებები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 35.2%-ით მეტია.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
- აშშ - $1.1 მლნ;
- თურქეთი - $858.2 ათასი;
- მექსიკა - 586.78 ათასი;
- ლიეტუვა - $468.3 ათასი;
- ბელგია - $333 ათასი .
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მთავარი იმპორტიორი მექსიკა იყო. ხუთეულში მეოთხე ადგილს კი, იტალია იკავებდა 261 ათასი აშშ დოლარით. ბოლო წლების განმავლობაში იახტების და კატერების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი კომპანია Ramses Yachts-ი გაჩერებულია.
საქმე ის არის, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების ვერსიით, Ramses Yachts-მა კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენის ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა. თავად ბიზნესმენი კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.
ჩიკვაიძის კომპანიები, ჯერ "აზიმუტ"-ი და „Ramses Yachts"-ი მცურავი საშუალებების იმპორტს აშშ-დან, იტალიიდან და თურქეთიდან ახორციელებდნენ.