მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61%-ით შემცირდა

ლარი დოლარი

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია.

მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.

დეტალური სტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების გასტუმრებამ განაპირობა, რამაც 603 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად ინვესტიციების შემომავალი და გამსვლელი ნაკადები ასე გამოიყურებოდა:

  • ინვესტიციები სააქციო კაპიტალში - 590 მილიონი დოლარი;
  • რეინვესტიციები - 329 მილიონი დოლარი;
  • სავალო ვალდებულებების მომსახურება - -603 მილიონი დოლარი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, სავალო ვალდებულებების მომსახურება ამ მასშტაბის არცერთი სხვა წლის განმავლობაში არ ყოფილა.

რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, სამი კვარტალის ჯამით პირველ ადგილს კვლავ ნიდერლანდები იკავებს, საიდანაც 373 მილიონი დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა 188 მილიონი დოლარით. თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ როგორც ნიდერლანდების, ასევე დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები სინამდვილეში ქართულ ინვესტიციებს წარმოადგენს, რადგანაც არაერთი მსხვილი ქართული კორპორაცია ნიდერლანდებში არის დაფუძნებული, ხოლო უმსხვილესი ქართული ბანკები კი იურიდიულად ბრიტანული კომპანიებია.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები 2023 წლის 9 თვეში:

ქვეყანა FDI 2023 წლის მესამე კვარტალში ზრდა კლება წინა წელთან შედარებით
ნიდერლანდები $374,145,700 124.9%
გაერთიანებული სამეფო $188,283,900 -33.0%
თურქეთი $166,180,300 55.8%
აშშ $123,311,200 9.1%
იაპონია $72,711,200 0.2%
რუსეთი $66,564,400 17.4%
ჩეხეთი $56,697,900 2.2%
მალტა $55,590,500 108.2%
ყაზახეთი $41,180,000 10.6%
ჩინეთი $36,693,300 36.3%

რაც შეეხება სექტორულ მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:

სექტორი FDI 2023 წლის 9 თვეში ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები $341,920,100 1%
დამმუშავებელი მრეწველობა $287,577,700 131%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება $233,710,000 58%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი $129,133,400 -37%
ტრანსპორტი და დასაწყობება $115,316,800 54%
ინფორმაცია და კომუნიკაცია $94,024,100 22%
ხელოვნება, გართობა და დასვენება (აზარტული თამაშები) $51,954,500 -67%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები $48,298,300 -18%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები $36,894,900 -89%
განათლება $12,260,200 57%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები $12,251,800 607%
სხვა სახის მომსახურება $8,057,400 -16%
მშენებლობა $6,325,500 -57%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები $5,903,900 106%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები $4,965,800 -53%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება $1,313,100 -71%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები -$500,400 -100%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა -$1,191,500 -124%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები