შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 91.5%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. სტატისტიკურ მაჩვენებელს საქსტატი აქვეყნებს.
მათი ცნობით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 4.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 94.5 და 87.5% შეადგინა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 97.8 და 95.8% შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 89.2%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 77.7%-ით განისაზღვრა.
ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 85.1%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 84.5%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99%-ს შეადგენს.