ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორის გიორგი ციკოლია შეფასებით, ბიზნესისთვის საქართველოში ინტერნეტის ფასი კატასტროფულად მაღალია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. „საქართველოში საქმის კეთება არაა იაფი“, - თქვა ამერიკული კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ საქართველოში, IT ინდუსტრიაში ბიზნესის კეთება უფრო ძვირი გახდა, ვიდრე ადრე იყო, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომამდე; კიდევ უფრო ძველ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ Lineate ინვესტირებისთვის, საქართველოსთან ერთად, პოლონეთს და რუმინეთს განიხილავდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე გაკეთდა სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობის გამო, რომელთა შორის იყო შედარებით იაფი სამუშაო ძალა და ა.შ. რამდენად გამართლდა ინვესტორების მოლოდინები?
- საქართველოში საქმის კეთება არაა იაფი. ბევრი რამ გაძვირდა, მათ შორის მუშა ხელი. კარგია ის, რომ საქართველოს საკანონმდებლო პროცესი ბევრად უფრო კარგად არის დალაგებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ საშუალება, გრძელვადიანად დაგეგმონ საკუთარი საქმე. მე აქ ვგულისხმობ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსს, რომლის მიღების პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე და მკაფიო; როდესაც სახელფასო ფონდი მუდმივად იზრდება, საგადასახადო შეღავათი, რომელსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გვაძლევს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, შეიძლება, ჩვენთვის დიდი პრობლემა არ იყოს, მაგრამ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის, ვინც ცდილობს დიგიტალიზაციას, ელექტრონული მომსახურების დანერგვას, საქართველოში ინტერნეტის ფასი არის კატასტროფულად მაღალი.
- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ - „კატასტროფულად მაღალი ფასი“? რომელ ქვეყნებს ადარებთ?
- მე სტატისტიკის დიდი ფანი არ ვარ... არსებობს ტერმინი - ბიზნესის კეთების ხარჯი - შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური კომპანია რომ ავიღოთ, შეუძლებელია, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კომპანია განვითარდეს, თუ არ აქვს ძალიან კარგი ელექტრონული მომსახურება; სხვა ქვეყნებში, სადაც ბევრად დიდია მოსახლეობა, შეიძლება, ასეთი აუცილებლობა არ იდგეს და კომპანიამ ნელ-ნელა დაიწყოს ელექტრონული მომსახურების დანერგვა. საქართველოში კი, აუცილებელია, კომპანია გარე ბაზარზე გავიდეს, იქნება ეს სერვისის ინდუსტრია თუ წარმოება, რადგან ჩვენი ბაზარი პატარაა, ამიტომ ელექტრონული მომსახურება უნდა არსებობდეს; ამისთვის კი, საჭიროა, უწყვეტი და მაღალი ხარისხის ინტერნეტის მოწოდება იყოს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი არის სწორედ ინტერნეტის ხარჯი... ხომ ვხედავ, ჩვენ რასაც ვიხდით და ვფიქრობ, პატარა კომპანიებს გაუჭირდებათ ამ თანხის გადახდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ეძებს სხვა გზას, რომ ასეთი მაღალი ხარჯი არ გაწიოს; თან ჩვენთან, ფიზიკურ პირებისთვის ინტერნეტის ფასი სხვაა და იურიდიული პირებისთვის - სხვა; ესეც გაუგებარია, რატომ? რა იცვლება, თუ იგივე სიჩქარის ინტერნეტი მიეწოდება ბიზნესს, როგორიც ფიზიკურ პირს?! თუ უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტის პაკეტი ავიღე, კი, ბატონო... მოკლედ, სხვაობა კატასტროფულად დიდია...
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- კონკურენციაში... ამ ინდუსტრიაში არცერთი საერთაშორისო კომპანია არაა. როგრც ვიცი, ადგილობრივი კომპანიები არიან... ჩვენ backup-ისთვის მივმართეთ Starlink-ს და ვაპირებთ მისი ინტერნეტის გამოყენებას, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა. საბოლოოდ კი, ვგეგმავთ ჩავანაცვლოთ <ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინტერნეტი> და Starlink-ი იყოს მთავარი მომწოდებული.
- Starlink-ის ინტერნეტი უფრო იაფი დაგიჯდებათ?
- დიახ, Starlink-ის ინტერნეტი ჯდება უფრო იაფი და ხარისხი არის უკეთესი.