მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

608fb87d22bca
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.21 13:00
994
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში ინტერნეტით სულ 948 ათასი აბონენტი სარგებლობს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,000 აბონენტით, ანუ 2.8%-ით მეტია. შესაბამისად, პანდემიური წლის განმავლობაში ქვეყანაში ინტერნეტში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.

აბონენტების მატებასთან ერთად მომატებულია პროვაიდერების მიერ მიღებული შემოსავლებიც. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში პროვაიდერებმა 22.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, 2021 წლის თებერვალში კი ეს რიცხვი 23.25 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2.2%-იანი ზრდაა.

აბონენტებს შორის 902.8 ათასი ფიზიკური პირი და 45.2 ათასი იურიდიული პირია.

აბონენტების მიერ გადახდილი საშუალო ტარიფი 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით ასეთია:

ფიზიკური პირი თვეში - 18.65 ლარი;
იურიდიული პირი თვეში - 142 ლარი.

რაც შეეხება კომპანიების ბაზრის წილებს, ის ასე ნაწილდება:

მაგთიკომი - 49%;
სილქნეტი - 31.4%;
ახალი ქსელების ჯგუფი - 6.2%;
საქიტელი - 4.3%;
სხვა მცირე ოპერატორები - 9.1%.

ინტერნეტის კატეგორიებს შორის ყველაზე მეტი - 788 ათასი მომხმარებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი (ფართოზოლიანი) ინტერნეტით სარგებლობს. xDSL-ის მომხმარებელთა რაოდენობა 23 ათასია, Wi-Fi-ის 79 ათასი, LTE-ს კი 11 ათასი მომხმარებელი იყენებს.

რეგიონების მიხედვით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისშია, სადაც 403 ათასი აბონენტია, 97 ათასი აბონენტით მეორე ადგილზეა იმერეთი, 86 ათასი აბონენტით მესამე - აჭარაა, 84 ათასი აბონენტით მეოთხე ადგილზე კი ქვემო ქართლია. ყველაზე ცოტა, 2 ათასი აბონენტი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები