საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქ კოლეგებთან კოორდინაციით ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე ავრცელებს.
დონდოლაძის თქმით, ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, ხოლო მათი საერთაშორისო ძებნა თურქეთის პოლიციის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული წითელი ცირკულარის საფუძველზე მიმდინარეობდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი. მათ შორის რვა საქართველოში შემოვიდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მათზე ინტერპოლის ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ოთხი უკანონოდ შემოსულია ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც დამატებით სისხლის სამართლებრივ გამოძიებას იწვევს“, - განაცხადა დონდოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები. მათ შორისაა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის – არასრულწლოვნის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი უკანონოდ ფლობდა.
სამართალდამცავების თქმით, დაკავებების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. პროცესში, ქართულ უწყებებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის ინტერპოლის ბიურო, ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე საქართველოში თურქეთის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
ამჟამად, ყველა დაკავებულთან მიმართებით წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულთა ნაწილი მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ოპერაცია მშვიდობიანად ჩატარდა. მადლობას ვუხდით თურქ კოლეგებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთობლივი მუშაობის ეფექტიანობას“, - განაცხადა დონდოლაძემ.




























