მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს აეროპორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს

64674caaaee73
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 14:24
980
შინაგან საქმეთა სამინისტრო აეროპორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსეთიდან პირდაპირი ფრენების დაწყებას აპროტესტებენ, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კანონის ფარგლებში აღიკვეთება. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტზე დასაქმებული პირები.
პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ავიაემბარგოს გადაწყვეტილება გააუქმა და რუსულ ავიაკომპანიებს პირდაპირი ფრენების უფლება მისცა. ამავე დღეს, პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში 3 თვით შესვლის შემთხვევაში სავიზო რეჟიმი გაუქმდა.

19 მაისს კი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთიდან პირველი ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, რასაც ქართველი ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები