ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, ინტერნეტის განვითარების ინიციატივამ - IDI (Internet Development Initiative) დააარსა ისრაელ-საქართველოს ციფრული კულტურის სკოლა, რომელმაც თებერვალში პირველი ნაკადი მიიღო. დღეს სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალიც გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წელს ისრაელი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა და განხორციელდა ციფრული კულტურის სკოლის პროექტი.
საელჩოს ცნობით, პროექტის 3 ძირითადი მიზანია:
1. ბოლო წლებში საქართველო (სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად) ბევრი კიბერ საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ისრაელი ითვლება მსოფლიო ლიდერად კიბერტექნოლოგიის სფეროში და მოხარული ვართ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ქართველ პარტნიორებს;
2. ქართველი კიბერ და ციფრული ექსპერტების მომავალი თაობის აღმოჩენა, მომზადება და მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობენ ხელს;
3. ორივე ქვეყნის კომპანიებსა და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის კომერციული კავშირებისა და ტრანზაქციების შესაძლებლობების უზრუნველყოფა (B2B).
ციფრული კულტურის სკოლა პირველ ნაკადში მიიღებს შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ ჯგუფს, 30 ახალგაზრდას 17-დან 25 წლამდე, რომლებიც გაივლიან 4-დღიან ინტენსიურ კურსს ისრაელისა და საქართველოს წამყვანი ექსპერტების ხელმძღვანელობით.
"ციფრული სკოლის მიმართულებებია:
- პერსონალური მონაცემების დაცვა;
- კიბერუსაფრთხოება,
- კიბერდანაშაულისა და კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები;
- ელექტრონული მმართველობა და მისი მნიშვნელობა;
- ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ე.წ. "ყალბი ამბები";
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება;
- ციფრული წიგნიერება და ციფრული ტრანსფორმაცია.
ისრაელის საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) პროექტის მხარდაჭერისთვის", - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.




























