საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მიხედვით 2023 წლის IV კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 65%-ისთვის საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაჩვენებელი მცირედით, 1%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სირთულეები მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ ექმნება, რაც ჩამოუვარდება 2022 წლის IV კვარტალის მაჩვენებელს, როცა კადრების მოძიება პრობლემას 8%-ისთვის არ წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, საჭირო კადრების მოძიების პრობლემა განსაკუთრებით მშენებლობის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში შეინიშნება, სადაც გამოკითხულ კომპანიათა 70%, 69% და 66%-ს ექმნება სირთულეები საჭირო კადრების მოძიებისას (იხილეთ გრაფიკი 27). აღნიშნული პრობლემა, ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, სადაც გამოკითხულთა 42%-ისთვის საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ ამავე მაჩვენებელს (23%).
რაც შეეხება კადრების მოძიების სირთულეს კვალიფიკაციის მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის კადრებს შორის, გამოკითხული კომპანიები ყველაზე რთულად მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიებას მიიჩნევენ. გამოკითხულ კომპანიათა 64%-ის შეფასებით, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიების სირთულის დონე მაღალია. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2022 წლის IV კვარტლის მონაცემთან შედარებით (8.1 პროცენტული პუნქტით).
საშუალო კვალიფიკაციის კადრების მოძიებას კომპანიათა უმრავლესობა (65%) საშუალოდ რთულად აფასებს, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვალიფიკაციის კადრების მოძიება რთულია.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ამავე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, საშუალო კვალიფიკაციის კადრების მოძიება კომპანიებისთვის გართულებულია (7 პპ-ით შემცირდა კომპანიების წილი,
ვისთვისაც საშუალო კვალიფიკაციის კადრების მოძიება არაა დაკავშირებული სირთულეებთან).
სხვადასხვა კატეგორიის კადრებს შორის, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა ყველაზე
მარტივად დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიების პროცესს აფასებს. გამოკითხულ
კომპანიათა 22% მიიჩნევს, რომ დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს, ხოლო 21%-ისთვის მოძიების სირთულის დონე დაბალია, რაც 2022
წლის IV კვარტლის მაჩვენებლების მსგავსია.
აღსანიშნავია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება ყველაზე რთული მრეწველობისა
და მომსახურების სექტორებისთვისაა (ორივე სექტორში გამოკითხულ კომპანიათა მნიშვნელოვანი
ნაწილი მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიების სირთულეს მაღალ დონეს ანიჭებს: მრეწველობის სექტორში - 75%, მომსახურების სექტორში - 73%).
ინფორმაციისთვის,ინდექსი PMCG კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი კი, გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის