კაკლის მწარმოებელი კომპანიის „ანიგოზის“ დამფუძნებელი, ანა ქევხიშვილი აცხადებს, რომ კაკლის რეკორდული მოსავალი მიიღეს, თუმცა როგორც ის BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მოსავლის აღების პერიოდში ხანგრძლივმა უამინდობამ პროდუქციის ხარისხზე გავლენა იქონია.
მისი განმარტებით, მოსავლის აღების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და დასრულებას დაახლოებით ერთი კვირა კიდევ დასჭირდება. წელს სამუშაოები ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო, თუმცა წვიმიანმა ამინდმა პროცესი შეაფერხა და ფერმერებს მოსავლის დროულად აღების დამატებითი ძალისხმევა დასჭირდათ.
„სანამ ეს უამინდობა დაიწყებოდა, მანამდე შევძელით და ავიღეთ სრულიად განსხვავებული ხარისხის კომერციული მოსავალი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, უამინდობამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი და გარკვეულწილად ხარისხის დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ფერმერებმა, რომელთა ბაღებიც კომერციული წარმოებისთვის არის განკუთვნილი, მაქსიმალური ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, მოსავალი დროულად აეღოთ. მოხდა ადამიანური რესურსის მობილიზება, გარკვეულ პერიოდებში მოსავლის ხელით აღებაც გახდა საჭირო და ამისთვის შესაბამისი დანახარჯები გაიწია. მაქსიმალურად შევძელით შეგვენარჩუნებინა ის მაღალი ხარისხი, რომლის მისაღებადაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით“, - აცხადებს ანა ქევხიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში კაკლის წარმოების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან კომერციული ბაღების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ შესულა. შესაბამისად, არსებული ბაღების მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ქვეყნის წარმოების პოტენციალიც მატულობს.
ქევხიშვილი კაკლის ახალი ბაღების გაშენების მიმართულებით აქტივობის შემცირებაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში ამ ეტაპზე ნაკლები ახალი პროექტი ხორციელდება, სწორედ ახლაა დაგროვილი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ახალი კომერციული ბაღების უფრო ეფექტიანად გაშენებისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
„ის კომერციული მოსავალი, რაც დღეს გვაქვს, ცალსახად იმ სახელმწიფო პროგრამების დამსახურებაა, რომლებიც წლების წინ დაინერგა და კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენება მნიშვნელოვნად წაახალისა. ახლა შედარებით ნაკლები აქტივობაა ახალი ბაღების გაშენების მიმართულებით. არადა, ყველაზე სწორი ეტაპია, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა დაგროვდა, ბევრი შეცდომა უკვე დაშვებულია და ბევრი გაკვეთილიც მივიღეთ. დღეს გაცილებით უკეთ მომზადებული ადამიანები მართავენ ბაღებს და ქვეყანაში დაგროვდა ის ცოდნა, რომელიც უფრო გამართული პროცესებისა და წარმატებული კომერციული ბაღების შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.
























