2023 წელს საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასია 6500 ლარი, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ზოგად განათლებას ეხება.
მიმოხილვის ავტორების დაკვირვებით, სკოლების გადასახადი მზარდია და წელს, 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება კერძო სკოლების საფასო კატეგორიებს, როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი სკოლა საშუალო საფასო კატეგორიაშია და საშუალო ფასიანი კერძო დაწყებითი სკოლები, როგორც წესი, უფრო დიდია, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უფრო ფართო და სპეციალიზებული პროგრამებითა და აქტივობებით. კერძო სკოლების დაახლოებით 15% პრემიუმ სკოლების კატეგორიაშია, სადაც წლიური ფასები 8000 ლარიდან იწყება.
საინტერესოა ისიც, რომ თიბისი კაპიტალის მიხედვით, შინამეურნეობის დანახარჯები განათლებაზე ზრდადი ტრენდით ხასიათდება. „ამავდროულად, განათლების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში იზრდება და 2021 წელს 2.6% შეადგინა. კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობის უფრო ზუსტი შეფასებისთვის საინტერესოა შინამეურნეობის საშუალო შემოსავლის შედარება კერძო სკოლების საფასურთან. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საშუალოდ ქართული ოჯახი თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს კერძო სკოლის გადასახადში. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2020-პანდემიურ წელს, ხოლო ბოლო ორი წელი კლებადი ტრენდით გამოირჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის საფასური არ შემცირებულა, კერძო სკოლებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა გაზრდილი შემოსავლებით აიხსნება.
კერძო სკოლებზე მოთხოვნის შესაფასებლად, საინტერესოა, შემოსავლების სხვადასხვა ჯგუფის წონებზე დაკვირვება წლების მიხედვით. შემოსავლების ჯგუფების მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის 65%-ის ყოველთვიური შემოსავალი ნაკლები იყო 1200 ლარზე, ხოლო 35% იღებდა 600 ლარზე ნაკლებს. თუმცა, 2022 წელს შემოსავლების განაწილება, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა, რადგან თვეში 1200 ლარზე ნაკლებს მიმღები ფიზიკური პირების წილი 53%-მდე შემცირდა“, - წერია მიმოხილვაში.
დაბოლოს, კერძო სკოლების ფასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სასწავლო გეგმა, სპეციალიზებული პროგრამები, პერსონალი, კლასის ზომა, ინფრასტრუქტურა, მდებარეობა, მეტად პერსონიზირებული ყურადღება მოსწავლეებზე.