ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსაზრება, თითქოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომ მედიკამენტებს შორის ხარისხობრივი განსხვავება არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას, პაციენტების მიერ უცხოეთში მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძეს 24 კითხვით საპარლამენტო ოპოზიციამ "გახარია საქართველოსთვის" მიმართა.
"რაც შეეხება საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხს, აქ რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში, როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან, ესენციურ მედიკამენტებზე... როდესაც კითხვა ეხება პროგრამული მედიკამენტის ხარისხს, გაითვალისწინეთ, რომ ის რასაც იძენს სახელმწიფო, ხორციელდება ძალიან ყურადღებით, ბევრი მოთხოვნით, სტანდარტით და წინაპირობით.
რაც შეეხება ზოგიერთი არაპროგრამული მედიკამენტისთვის უპირატესობის მინიჭებას, აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი: არსებობს მექანიზმები ასეთი მედიკამენტების იმპორტისა, ინდივიდუალური შეკვეთების გზით; და მეორე: ყველა მედიკამენტის მწარმოებელს თავისი პოლიტიკა აქვს და სამწუხაროდ უკლებლივ ყველა დასახელების მედიკამენტის იმპორტს ვერც ერთი სახელმწიფო ვერც და არც განახორციელებს. უკლებლივ ყველა მედიკამენტი, ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მედიკამენტების იდენტური ხარისხისა და მედიკოსთა მაღალი კვალიფიკაციისა, უცხოეთში მკურნალობის მიღების სურვილი მაინც საგულისხმო პრობლემაა.
სარჯველაძე ამის მიზეზებად ექიმთა და ექთანთა ნაწილის კვალიფიკაციისა და დისციპლინის პრობლემას, სამედიცინო ტურიზმის მარკეტინგსა და საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების არარსებობას ასახელებს.
"ექიმების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, უმცირესობაში, მაგრამ მაინც არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაციის და დისციპლინის პრობლემები. სამწუხაროდ, კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტის მიმართულებითაც, რაც დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმასთან.
თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც. დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც, თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტების ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც.
ცალკეულ შემთხვევებში მიზეზია სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება, როდესაც საქმე გვაქვს მართლაც რთულ შემთხვევებთან. მიზეზთან შორისაა რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროებაც..." - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიზანი საზოგადოებაში ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციის ამაღლებაა.
"ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული ათწლეულების განმავლობაში, რისი შედეგიცაა რა სურათიც ახლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.




























