საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდება კონკრეტული ჯგუფებისთვის გაუქმდეს უვიზო რეჟიმი.
"საქართველოს შესახებ მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესება გრძელდება. თავდასხმებს ევროკავშირის ელჩების მიმართ არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიულ დიპლომატიურ ურთიერთობებში. ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ საკუთარ ანგარიშს და ეს მოგვცემს შესაძლებლობას გავუუქმოთ უვიზო რეჟიმი კონკრეტულ ჯგუფებს.
"[მედიის და გამოხატვის თავისუფლება] სწორედ ეს საკითხები გვაღელვებს საქართველოსთან მიმართებით. ზომები, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირში მოქმედებს", - განაცხადა კაია კალასმა ტელეკომპანია "ფორმულას" კითხვაზე პასუხისას.
7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა 61 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის გამარტივებას მხარი დაუჭირა. ცვლილებას მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 96 იყო მოწინააღმდეგე, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.
17 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროსაბჭოში ცვლილებებს ფორმალურად კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს, ხოლო ახალი მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის დასაწყისიდან იგეგმება.
ახალი ჩანაწერის თანახმად, უვიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებმაც ადამიანის უფლებათა დარღვევები ჩაიდინეს.
უვიზო რეჟიმის თავდაპირველი შეჩერება 9 თვით ხდება და გახანგრძლივება — 18 თვით. ახალი მექანიზმით დროებითი შეჩერება 12 თვემდე გაიზარდა, ხოლო გახანგრძლივება — 24 თვემდე.




























