საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში სტეიბლკოინების გამოშვებისა და მიმოქცევის წესებს განსაზღვრავს. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2026 წლის 6 მარტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელი ხდება სტეიბლკოინების, მათ შორის ლარზე მიბმული ციფრული აქტივების გამოშვება. სტეიბლკოინი ვირტუალური აქტივის ტიპია, რომლის ფასიც წინასწარ განსაზღვრულ აქტივზეა მიბმული და მისი სტაბილურობის შენარჩუნება გამომშვების ვალდებულებაა. განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისგან, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით მერყეობს, სტეიბლკოინის ფასი უცვლელად უნდა შენარჩუნდეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტეიბლკოინია USDT, რომლის ღირებულება ერთ ამერიკულ დოლარს შეესაბამება და რომლის გამომშვები კომპანია ვალდებულია მომხმარებლებისგან მიღებული თანხები სრულად დაარეზერვოს. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით მსგავსი პრინციპით შესაძლებელი ხდება ქართული კომპანიების მიერ სტეიბლკოინების გამოშვებაც.
ბრძანების ამოქმედების შემდეგ სტეიბლკოინის გამოშვება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ამასთან, კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.
რეგულაცია სტეიბლკოინების სამ კატეგორიას განსაზღვრავს: ლარზე მიბმულ, უცხოურ ვალუტაზე მიბმულ და სხვა აქტივებით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია 100%-იანი სარეზერვო უზრუნველყოფა, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან.
სტეიბლკოინის ემიტენტებისთვის განსაზღვრულია მინიმუმ 500 000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი. სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება კაპიტალის მოთხოვნაც და შეიძლება მაქსიმუმ 50 მილიონ ლარს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ სარეზერვო აქტივები 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, კომპანიას სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაც დაევალება.
რეგულაცია ასევე ითვალისწინებს გამჭვირვალობის დამატებით მოთხოვნებს. ემიტენტის სარეზერვო აქტივებს ყოველ კვარტალში დამოუკიდებელი აუდიტორი შეამოწმებს და შედეგები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. თუ სარეზერვო მოცულობა 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს – Deloitte, PwC, EY ან KPMG – უნდა დაევალოს.
სტეიბლკოინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქტივი ნებისმიერ დროს გამოისყიდონ ნომინალური ღირებულებით. მოთხოვნის მიღებიდან ემიტენტს ვალდებულების შესასრულებლად სამი სამუშაო დღე ექნება, ხოლო 300 000 ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში ვადა ხუთ სამუშაო დღემდე გაიზრდება.
კომპანიები, რომლებიც უკვე ახორციელებენ სტეიბლკოინების გამოშვებას, ვალდებულნი არიან ბრძანების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინონ. ამ გარდამავალ პერიოდში მათ საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ.



























