მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება - როდის იწყება მიღება?

MODA

საქართველოში ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება. ამის შესახებ BM.GE-სთან პროგრამის ხელმძღვანელმა, ანა ხურციძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტი განახორციელებს.

მისი ინფორმაციით, მომავალი წლიდან, პოტენციური სტუდენტებისთვის ჯერ პროგრამისთვის მოსამზადებელი კურსები ამოქმედდება, ხოლო სექტემბერში უკვე სტუდენტების მიღება დაიწყება.

პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან სტუდენტებს მიიღებს, მონაწილეებს საშუალებას მისცემს საქართველოშივე შეისწავლონ პროფესია, პრაქტიკა საერთაშორისო ბრენდების მოდის სახლებში გაიარონ და მიიღონ ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო დიპლომი.

მისივე ცნობით, პროგრამა უნიკალურია თავისი მიდგომით და მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ასპექტებს, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას. პროგრამის მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესორებისგან, რომლებიც პრაქტიკოსები არიან.

„სტუდენტებს ორი არჩევანი ექნებათ. ერთის მხრივ, აქვთ შესაძლებლობა, რომ 3 წელს პლუს ერთი წელი ისწავლონ, ანუ საქართველოში 3 წლიანი სწავლების შემდეგ, 1 წელი ლონდონში ან სხვა საერთაშორისო მოდის სახლში პრაქტიკა გაიარონ. ასევე, არის 3-წლიანი პროგრამა, რომელშიც შიგნითვეა პრაქტიკული კომპონენტი ჩაშენებული და რამდენიმე საერთაშორისო ან ადგილობრივ ბრენდებთან რამდენიმეთვიან პრაქტიკულ გამოცდილებას გულისხმობს. ისეთ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობა ექნებათ, როგორებიცაა Acne, Adidas, Alexander McQueen, Balenciaga, Balmain, Burberry, Celine, Dior, Dunhill, Ferragamo, Fred Perry, Gucci, J.W. Anderson და სხვები.

საქართველოს უნივერსიტეტს აქვს მოლაპარაკება ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან, რომ ჩვენ გავყიდოთ მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა, როგორც ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც უნივერსიტეტის ბაზარზე ცალკე ჯგუფი განახორციელებს", - აცხადებს ხურციძე.

როგორც პროგრამის წარმომადგენელმა აღნიშნა, სტუდენტებს არ მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. მიღება უნივერსიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე მოხდება, კერძოდ, გასაუბრებისა და გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. მისი თქმით, ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროგრამაზე მაქსიმუმ 50 სტუდენტს მიიღებენ.

რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე, კურსის ღირებულების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა როგორც პროგრამის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ფასი საქართველოს ბაზარზე არსებული პროგრამების ღირებულებისგან განსხვავებული იქნება. თუმცა ის ლონდონის ფასებს არ გაუტოლდება.

„ჩვენ ვითვალისწინებთ მდგომარეობას და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყველა მიღებას ექნება სტიპენდიების ლოტი, რომლითაც დავაფინანსებთ განსაკუთრებით მოტივირებულ სტუდენტებს, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ამ პროგრამაზე ისწავლონ. ანუ საქართველოს უნივერსიტეტი ასეთ სტუდენტებს დააფინანსებს“,- ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი.

ანა ხურციძე აღნიშნავს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამის დანერგვაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები