მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მეგა საინვესტიციო პროექტების სიმცირეა - რით უნდა დავაინტერესოთ ინვესტორები?

დავით ცირდავა

საქართველოში მეგა საინვესტიციო პროექტების სიმცირეა - ამის შესახებ “საქმის კურსთან” აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია როდესაც ქვეყანაში $1.7 მილიარდის FDI შემოდის, თუმცა ეკონომიკური მდგრადობის და განვითარებისთვის სულ მცირე წლიურად $3-4 მილიარდიანი ინვესტიციებია საჭირო. ასეთი მოცულობითი კაპიტალის მოსაზიდად კი, საინტერესო მსხვილი პროექტები უნდა არსებობდეს.

„თუ ჩვენ გვინდა მსხვილი კაპიტალის მოზიდვა, ვსაუბრობთ მსხვილ კორპორაციებზე, ჰოლდინგურ საინვესტიციო კომპანიებზე ისინი 200 მილიონიდან და ზემოთ განიხილავენ პროექტებს. ასე რომ, ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც და მსხვილი მეგაპროექტების მიმართულებითაც სიმცირეს ხედავს ახლა ინვესტორი. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის ენერგეტიკა, სადაც შესაძლებელია უცხოური ინვესტიციები იყოს მოზიდული და ამ მიმართულებით ინტერესი არის არა მხოლოდ სპარსეთის ყურის, არამედ ჩინეთიდანაც. თუნდაც 10-წლიანი სტრატეგიული გეგმა, რაც სახელმწიფოს აქვს ენერგეტიკული სიმძლავრის გაზრდის კუთხით, გარკვეულწილად ბიძგს გვაძლევს. ენერგეტიკის სექტორი მიმზიდველია, მომხიბვლელია, განხილვას ექვემდებარება და ზუსტად ეს ეტაპიც დგას საქართველოში“, - ამბობს დავით ცირდავა.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (FDI) 80%-ზე მეტი არის რეინვესტირება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე რომ ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ შემოდის.

"ეს მაჩვენებელი ჩვენ სიგნალად უნდა მივიღოთ, რომ ახალი ინვესტიცია ფაქტობრივად არ შემოდის. კარგია, რომ ადგილზე ბიზნესები მდგრადია და რეინვესტირება ხდება, თუმცა მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების მოზიდვაც. თუ ჩვენ გვინდა სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება სულ ცოტა ალბათ 3-4 მილიარდი მაინც უნდა იყოს FDI, რომ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახოს. ამის გადაწყვეტა კი, არის მეგა პროექტები“, - აცხადებს დავით ცირდავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები