"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტს, მეღვინეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტს და ცნობილ ენოლოგს, რიკარდო კოტარელას, ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნიმბის“ დამფუძნებლებს შეხვდა.
შეხვედრის ფოკუსში იყო ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა იტალიის ბაზარზე, ექსპორტის ხელშეწყობა და ხარისხზე ორიენტირებული პოზიციონირების გაძლიერება.
„საქართველომ მსოფლიოს უკვე დაუმტკიცა, რომ ღვინის სამშობლოა. ახლა ამ ისტორიაში გადასვლის დროა ახალ ეტაპზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო ხარისხის სინონიმად აღიქმებოდეს. მოხარული ვარ, რომ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი სახით მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რიკარდო კოტარელას თქმით, საქართველოში მუშაობა მის პროფესიულ კარიერაში განსაკუთრებული ეტაპია.
„ჩემთვის, საქართველოში ღვინის დაყენების შესაძლებლობა არის ერთგვარი თავგადასავალი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მიმუშავია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მაგრამ ვაზის სამშობლოში მუშაობა მაბრუნებს ისტორიულ ფესვებთან. საქართველოში მუშაობას, ჩემი პროფესიული საქმიანობის გვირგვინად და ამავდროულად დასასრულად განვიხილავ. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით ქართული ღვინის ცნობადობას ახალ საფეხურზე ავიყვანთ. ქვეყანას ამის სრული რესურსი გააჩნია“,- განაცხადა რიკარდო კოტარელამ.
შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.
ოფიციალური სტატისტიკით, წელს საქართველოდან იტალიაში 98 ათასი აშშ დოლარის 13.6 ტონა ღვინო გავიდა და 2 მლნ აშშ დოლარის 269.6 ტონა შემოვიდა. იმპორტი გაიზარდა 10.6%-ით, ექსპორტი შემცირდა 29.1%-ით.




























