Visa-ს მონაცემებით, საქართველოში ნაღდი ტრანზაქციების უნაღდოში გადატანის პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია, - ამის შესახებ Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში დიანა კიღურაძემ BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულთან“ განაცხადა.
როგორც საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი ამბობს, Visa-ში ამ მონაცემებს მუდმივად აკვირდებიან, აფასებენ და შესაბამის ნაბიჯებსაც სახავენ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესში უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებელს გაზრდის. დიანა კიღურაძემ ამ მხრივ გაწერილ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა.
„განვითარების კუთხით, რამდენიმე მიმართულება გვაქვს, რომელთაგან პირველი გადახდების მიღების ქსელის განვითარების გაგრძელებაა. ერთი მხრივ ჩვენ ჩამოგვაქვს ტექნოლოგიები, რომლითაც ბიზნესს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს გადახდა, მაგრამ მეორე არის მისცე მომხმარებელს გადახდის საშუალება. ძირითადად ვსაუბრობთ იმ მეწარმეებზე, რომლებიც დღეს შეიძლება მომხმარებელს ამ საშუალებას არ სთავაზობდნენ, ამდენად ჩვენ ამ სტრატეგიას მივყვებით და ამ კუთხით კონკრეტული ქმედებები უკვე დაგეგმილი გვაქვს.
სწორედ ამ მიმართულებით 2 პროექტს USAID-თან ერთად ვახორციელებთ, პირველი ეს არის E-Commerce in the Box, რომლითაც კომპანიებს ყველა იმ მნიშვნელოვან ხელსაწყოს ვთავაზობთ, რაც მათ ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების საშუალებას მისცემს.
მეორე პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია Goal Digital-ია, რომელიც ჩვენს საზღვრებთან მიმდებარე რეგიონებში ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებას გულისხმობს. იქაც გავაკეთეთ კვლევა და დავინახეთ ეს საჭიროება, რადგან დედაქალაქიდან შორს არიან მათაც განვითარებისთვის რესურსები, ცოდნა და ხელშეწყობა სჭირდებათ. გვინდა, კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი ვაკეთოთ, რადგან სწორედ მათი ერთობლიობა უწყობს ხელს ციფრული და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის განვითარება-გაძლიერებას“, - აცხადებს დიანა კიღურაძე.