საქართველოში ნახშირის იმპორტი გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის 10 თვის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოში 11.4 მილიონი დოლარის 91 ათასი ტონა ქვანახშირი და 47.5 მილიონი დოლარის 95 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი შემოვიდა, რაც ჯამურად 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 მილიონი დოლარით მეტია.
საქართველოში ქვანახშირს ძირითადად მეტალურგიული ინდუსტრია საწვავის სახით მოიხმარს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ქვანახშირს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს, საიდანაც წელს 9.7 მილიონი დოლარის ღირებულების 84 ათასი ტონა ქვანახშირი და 39 მილიონი დოლარის ღირებულების 78 ათასი ტონა კოქსი შემოვიდა.
საქართველო ადგილობრივი წარმოების ნახშირსაც მოიხმარს, ჯერჯერობით 2024 წლის შედეგები ცნობილი არაა, თუმცა 2023 წელს კომპანია "საქნახშირმა" 146 ათასი ტონა ქვანახშირის რეალიზაცია მოახდინა, ხოლო კომპანიის შემოსავალი 25.3 მილიონი ლარი იყო.