მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის 140%-ით გაიზარდა - ნავთობისა და გაზის სააგენტო

გიორგი ტატიშვილი

საქართველოში ნავთობის მოპოვება 2015 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოში 39.1 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 35.3 ათასი ტონა იყო. მზარდი ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. ნავთობისა და გაზის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გაზრდილია მოპოვებული გაზის მოცულობაც.

გიორგი ტატიშვილი BMG-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვება თითქმის 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი. მისი განმარტებით, ამ მაჩვენებლებზე გასვლა შესაძლებელი გახადა ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია Block Energy-ს მიერ საქართველოში სალიცენზიო ბლოკებზე ძებნა-ძიების სამუშაოების ინტენსივობამ და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ.

„Block Energy Georgia-მ დაიწყო ძალიან ინტენსიური ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ეს არის გვერდითი ლულების ბურღვა და ჰორიზონტალური ლულების ბურღვა და სწორედ ამ სამუშაოებმა მოგვცა ის, რომ ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის მოპოვება კი 140%-ით გაიზარდა.

აბსოლუტურ ციფრებში გამოხატული შეიძლება შთამბეჭდავი რიცხვები არ იყოს, თუმცა ტენდენცია ზრდას აჩვენებს. წლის ბოლოს ზუსტად გვეცოდინება, თუმცა იმედი გვაქვს დავუბრუნდებით 40 000 ტონიან ნიშნულს ნავთობის შემთხვევაში და გაზის შემთხვევაში 15-18 მილიონ მ3-ს.

ეს ცხადად გვაჩვენებს, რომ იმ საბადოებსაც, რომელსაც ჩვენ ვთვლიდით, რომ დამუშავების ბოლო ან ბოლოს წინა სტადიაზე იყო, გააჩნიათ სიცოცხლისუნარიანობა თუ სწორად იქნება შერჩეული ტექნოლოგიები, სწორად იქნება შერჩეული დამუშავების პარამეტრები. სამწუხაროდ საბადოების უმრავლესობა საქართველოში ასეთ სტადიაზეა. ამ გამოცდილების გაზიარება სხვა ინვესტორებისთვისაც მოგვცემს ზრდის პოტენციალს“,-აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

Block Energy საქართველოში 5 პროექტს ახორციელებს. კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტორებისთვის წარდგენილ მეორე კვარტალის ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოპოვება 1,6-ჯერ გაზარდეს. ამ პერიოდის განმავლობაში, ნავთობმომპოვებელმა 2.56 მლნ დოლარის 36 ათასი ბარელი ნავთობის და 266 000 დოლარის 50.3 მლნ კუბ. ფუტის გაზი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები