საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის, China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს, ვანგ იუტაოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების პერსპექტივები და ენერგეტიკულ სექტორში ჩინური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.
უწყება წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვანგ იუტაოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და უვიზო მიმოსვლით გამყარდა, ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.
China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები - 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.




























