საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნაყინის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 3 მილიონ 169 ათასი დოლარის ღირებულების 619 ტონა ნაყინი შეიძინა.
იმპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36%-ით, ხოლო მოცულობა 14%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ნაყინის იმპორტის ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იმპორტირებული პროდუქტის მოცულობების მიხედვით მთავარი ქვეყნები, საიდანაც ნაყინი შემოგვაქვს თურქეთი, უკრაინა და რუსეთი არიან. ღირებულების მიხედვით კი იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
1. თურქეთი - 1.047 მლნ დოლარი, 191 ტონა;
2. რუსეთი - 604 ათასი დოლარი, 91 ტონა;
3. უკრაინა - 510 ათასი დოლარი, 134 ტონა;
4. საფრანგეთი - 398 ათასი დოლარი, 64 ტონა;
5. სომხეთი - 273 ათასი დოლარი, 88 ტონა;
6. გერმანია - 94 ათასი დოლარი, 15 ტონა;
7. ესპანეთი - 92 ათასი დოლარი, 7 ტონა;
8. გაერთიანებული სამეფო - 51 ათასი დოლარი, 3 ტონა;
9. ბელარუსი - 47 ათასი დოლარი, 12 ტონა;
10. ყაზახეთი - 39 ათასი დოლარი, 8 ტონა;
BM.GE-მ საქსტატიდან, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ნაყინის იმპორტიორი TOP-10 კომპანიის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მათი ჩამონათვალი ასეთია: შპს შარმ ტრეიდინგი; შპს ფუდსერვისი; შპს სილქ გასტრონომი; შპს სას; შპს მარსი საქართველო; შპს ინტრეიდი; შპს ევროპროდუქტი; შპს ბ&რ ჯორჯია; შპს აის ლენდ ჯორჯია; იმ "სუსანნა მკოიან",
ნაყინის იმპორტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყნიდან ნაყინის გატანის მაჩვენებელი შემცირდა. იანვარ-ივნისში საქართველოდან ნაყინის ექსპორტიორმა კომპანიებმა ჯამში სულ 9 ტონამდე ნაყინის ექსპორტით სულ 131 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ექსპორტის ღირებულება 75.5%-ით, მოცულობა კი 69.2%-ით შემცირდა.
ნაყინის და საკვები ყინულის სხვა სახეობების რეალიზება ამ პერიოდში მხოლოდ სომხეთში მოხდა. გასულ წლებში კი ამ ჩამონათვალში ისრაელი და აზერბაიჯანიც ხვდებოდნენ.
ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფომრაცია საქსტატიდან ვერ მივიღეთ, რადგან მათი განმარტებით ეს მონაცემები ექსპორტიორი კომპანიის ან კომპანიების მიერ ექსპორტირებული მოცულობების იდენტიფიცირებას საშუალებას იძლევა, ამიტომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„2023 წლის იანვარ-ივნისში ნაყინის (სეს სნ-ის 2105 კოდი) ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად (ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა) და გაცემას არ ექვემდებარება“, - განმარტავენ საქსტატში.