საქართველოში ოქრო გაძვირდა. ოქროს ბირჟაზე ფასმა მოიმატა და 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება 350-370 ლარის ფარგლებშია. ამის შესახებ BMG-ის ოქროს შემფასებელ-ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი წლიურად 67%-ითაა გაზრდილი და ამ დროისთვის $4,330-ის ფარგლებშია. ძვირფას მეტალზე თვიურ ჭრილში გაძვირება 7%-ია.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც. ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მაღალი სინჯის ოქროს ღირებულება 30-40 ლარით არის გაზრდილი. ოქროს შემფასებელ-ექსპერტის განცხადებით, ოქროს გაძვირების ფონზე, მყიდველების რაოდენობა შემცირებულია.
"ბაჯაღლო ოქროს ფასი 350-370 ლარის ფარგლებშია. ერთი გრამი ჩვეულებრივი ოქრო კი 220-240 ლარი ღირს. გასულ წლებთან შედარებით რეალიზაცია უფრო დაბალია, რაც ალბათ ფასიდან გამომდინარეა. მსოფლიო ბაზარზე ფასი სტაბილური არაა, ერთ დღეში შეიძლება მნიშვნელოვანი გაძვირებაც დაფიქსირდეს. მოლოდინია, რომ ოქრო კიდევ გაძვირდება”, - განაცხადა გულიკო მორჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ოქროს გაძვირება ოფიციალურ სტატისტიკაშიც აისახება. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი წლიურად 47%-ით იყო გაძვირებული.




























