ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, მაგალითად, სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვისა და მოხუცის მოვლაზე, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია. ამის შესახებ UN Women იტყობინება.
"ზრუნვის შრომის გარეშე ნებისმიერი ოჯახისა თუ საზოგადოების ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მას შრომას იშვიათად უწოდებენ. შეუმჩნეველი რჩება ქალების ძალისხმევაც, მიუხედავად იმისა, რომ დროის ასეთი არათანაბარი გადანაწილება ნეგატიურად უპირველესად მათ პროფესიულ რეალიზებაზე, განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე აისახება", - წერს ორგანიზაცია.
ამასთან, როგორც UN Women-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ხაზგასმული, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილების მიზეზი უპირველესად გენდერული სტერეოტიპებია.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში“ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მე-2 ადამიანის აზრით, ბავშვების დაბანა, კვება, მათთვის საფენის გამოცვლა უფრო დედის პასუხისმგებლობაა. ამას გარდა, 71% მიიჩნევს, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში ყველა ოჯახს არ მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღებზე, დღის ცენტრებზე, გახანგრძლივებულებსა და შინ მოვლის მომსახურებებზე.
ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია „გადაინაწილე ზრუნვა“, რომელიც ძირითადად ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. "მულტიმედია მასალებითა და ინფლუენსერების მონაწილეობით, ის ყურადღებას აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის მნიშვნელობასა და მისი გადანაწილების აუცილებლობაზე ამახვილებს. საგულისხმოა, რომ ინიციატივაში ჩართულია ონლაინმაღაზია Veli Store-ც, რომელიც შესაბამის საინფორმაციო მასალებს საკუთარ მომხმარებლებში ავრცელებს.კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა ახალგაზრდებთან. თემატური ღონისძიებები 5 უნივერსიტეტში გაიმართება და აუნაზღაურებელი შრომის ირგვლივ მსჯელობას მიეძღვნება. კამპანიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად ახორციელებს", - იტყობინება გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
კამპანია, რომელიც მაისში დასრულდება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.