საქართველოს სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს , ხოლო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეულია. სადაზღვევო სექტორის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამედიცინო (ჯანმრთელობის დაზღვევის) მიმართულებით პოლისების რაოდენობა გაიზარდა და 721 247 შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 668 141 იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში - 635 876.
რაც შეეხება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წელს 30 ივნისის მდგომარეობით პოლისების რაოდენობა 121 512 იყო, 2022 წლის პირველ ნახევარში - 108 486, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 98 594.
2023 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაის“ (27%) უკავია, მას მოსდევს „იმედი ელი“ 19%-იანი წილით და „არდი“ 16%-ით. საერთო ჯამში ამ მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 279,8 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (25%), „ალდაგს“ (21%) და „ჯიპიაის“ (12%) აქვს. საერთო ჯამში ამ მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 102,6 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.
ჯამში, წლის პირველ ორ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მოგება გაიზარდა.