საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ნოემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 10 ლარით, ანუ 4%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 5.9 ლარით გაიზარდა.
ეს საქსტატის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის სტატისტიკის განახლების პირველი შემთხვევაა, რადგანაც იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქსტატს აღნიშნული სტატისტიკა საერთოდ არ ჰქონდა გამოქვეყნებული.
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.
საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების (დენის+გაზის+წყლის) ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება, ტელეკომუნიკაციის ღირებულება, ჯანდაცვის სერვისების და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების მინიმალური საარსებო რაციონის ღირებულებას ეფუძნება.