„პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირია.
დიმიტრი ქუმსიშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა, რიგი მომსახურება მომხმარებელს უფრო იაფად შესთავაზონ, თუმცა ამას არ აკეთებენ.
ამ კონტექსტში ქუმსიშვილი მათ შორის, საზღვარგარეთ გადარიცხვების სერვისს ასახელებს, რომელსაც მისი განცხადებით, დაბალი თვითღირებულება აქვს.
“სასესხო პროდუქტების გაიაფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთები, მათ შორის დეპოზიტებზე შემცირდეს, ასევე დაიწიოს რეფინანსირების განაკვეთმა. რეფინანსირების განაკვეთის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ინფლაცია შემცირდეს, რადგან მოზიდულ სახსრებს თავისი თვითღირებულება ყოველთვის აქვს.
რაც შეეხება საოპერაციო ნაწილს, ამ მიმართულებით მე ვამბობ, რომ დღეს საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია. ამ ნაწილში ჩვენ კარგი მაგალითი ვართ, როდესაც 3-5-ჯერ უფრო იაფი სერვისები შევთავაზეთ ბაზარს და პირდაპირ ვამბობ, რომ ამ სერვისების შეთავაზება ნებისმიერ ბანკს შეუძლია, რადგან მათი თვითღირებულება დაბალია. დღეს თუ ბაზარზე ბანკები მომხმარებელს იმ გადასახადებს ახდევინებენ, რაც ახლა არის, ეს იმის გამოა, რომ ბანკებს ამის შესაძლებლობა აქვთ და არა იმის გამო, რომ თვითღირებულება ამდენი ჯდება. მაგალითად, ჩვენთან ევროში გადარიცხვა 7 ევრო ღირს, როდესაც სხვა ბანკებში სტანდარტულად 27-დან 35 ევრომდე შეიძლება დაჯდეს აღნიშნული ტრანზაქციის გადასახადი”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საბანკო მომსახურება წლიურად 4.5%-ით იყო გაძვირებული.
ამასთან, 2024 წლის ცხრა თვეში საბანკო სექტორის მიერ საკომისიოებიდან და სხვა მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 581 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.