შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მაროკოს მოქალაქეები. უწყების განმარტებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
შსს-ს თანახმად, დაკავებული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე. მათ ასევე არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დაკავების შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























