მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სამართლის უზენაესობის ინდექსი გაუარესდა - WJP

6361feef3ddeb
ინგა მურუსიძე
02.11.22 09:10
581
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტმა" (WJP), რომელიც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, გამოაქვეყნა 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსი, სადაც საქართველო 49-ე ადგილს იკავებს 140 ქვეყანას შორის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამართლის უზენაესობის მდგომარეობა 2015 წლიდან დღემდე 5 პუნქტით გაუარესდა. 2015 წლიდან 2017-2018 წლამდე ფიქსირდება სწრაფი ვარდნა, ხოლო შემდგომ - სტაგნაციის პერიოდი. ამასთან, შეფასების რვა ფაქტორს შორის გაუმჯობესების ტენდენცია წინა, 2021 წელთან მიმართებით მხოლოდ სამ, კორუფციის არარსებობის, წესრიგისა და უსაფრთხოებისა და კანონის აღსრულების ფაქტორში გამოვლინდა. რაც შეეხება ინდექსის საერთო მაჩვენებელს (OVERAL INDEX SCORE) წინა, 2021 წელთან შედარებით, ფიქსირდება მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია.

ანგარიშში შეფასებულია სამართლის უზენაესობის მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორის მიხედვით, სადაც საქართველოს მიერ მიღებული ქულების დინამიკა 2015 წლიდან დღემდე შემდეგია:

ფაქტორი 1: სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა (სასამართლოს, აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა, საზოგადოებრივი კონტროლი სახელმწიფო ძალაუფლებაზე, საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა) - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.62 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.53-ით.

ფაქტორი 1-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საჯარო მოხელეთათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კომპონენტს აქვს მინიჭებული (0.39), შედარებით მაღალი ქულით ფასდება და უკეთესი მდგომარეობაა ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის კუთხით (0.57).

ფაქტორი 2: კორუფციის არარსებობა (აღმასრულებელ, სასამართლო, პოლიციის და სამხედრო და საკანონმდებლო ორგანოებში) - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.73 ქულით, 2022 წლის მდგომარობით - 0.68-ით.

ფაქტორი 2-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში ყველაზე ცუდია მდგომარეობა, შესაბამისად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მინიჭებული კორუფციის არარსებობას პარლამენტში (0.51), შედარებით მაღალი ქულით ფასდება და უკეთესია მდგომარეობა პოლიციასა და თავდაცვის სისტემაში კორუფციის არარსებობა (0.88).

ფაქტორი 3: ღია მმართველობა (ინფორმაციის გამოქვეყნება და მოქალაქეთა ჩართულობა) - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.61 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.59-ით.

ფაქტორი 3-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება კანონების გამოქვეყნებისა და სამთავრობო მონაცემთა ღიაობის ნაწილში (0.52), შედარებით უკეთესი შეფასება აქვს მინიჭებული ინფორმაციის თავისუფლების კომპონენტს (0.66).

ფაქტორი 4: ძირითადი უფლებების დაცვა - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.64 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.62-ით

ფაქტორი 4-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში განსაკუთრებით დაბალი შეფასება აქვს მინიჭებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური ჩარევისგან დაცულობის კომპონენტს (0.47), შედარებით მაღალი ქულით არის შეფასებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცულობა (0.69).

ფაქტორი 5: წესრიგი და უსაფრთხოება - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.83 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.79-ით

ფაქტორი 5-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს მინიჭებული, რომ მოქალაქეები არ მიმართავენ ძალადობას პირადი დავების მოსაგვარებლად (0.45), მაქსიმალური, ანუ საუკეთესო შეფასება აქვს მინიჭებული სამოქალაქო კონფლიქტის მინიმიზებას. (1.00).

ფაქტორი 6: კანონის აღსრულება - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.62 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.57-ით

ფაქტორი 6-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორებში ყველაზე დაბალი შეფასება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების (DUE PROCESS) პრინციპის დაცვას მიენიჭა (3.39), ხოლო შედარებით მაღალი ქულით შეფასდა კანონის აღსრულება არასათანადო ზეგავლენის გარეშე (0.80).

ფაქტორი 7: სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულება - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.63 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.53-ით.

ფაქტორი 7-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორთაგან ყველაზე დაბალი შეფასება სამოქალაქო მართლმსაჯულების გაჭიანურების გარეშე განხორციელებას მიენიჭა (0.39), ხოლო შედარებით მაღალი, ანუ დადებითი შეფასება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის კომპონენტმა მიიღო (0.73).

ფაქტორი 8: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება - 2015 წლის მდგომარეობით შეფასდა 0.54 ქულით, 2022 წლის მდგომარეობით - 0.51-ით.

ფაქტორი 8-ის განმსაზღვრელ ქვეფაქტორთაგან ყველაზე დაბალი შეფასება სისხლისსამართლებრივი სისტემის ხელისუფლების ზეგავლენისგან თავისუფლებამ მიიღო (0.24), ხოლო ყველაზე მაღალი შეფასება სისხლისსამართლებრივ სისტემაში კორუფციის არარსებობას მიენიჭა (0.73).




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები