მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სამთო გამყოლები საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდნენ

6295bd99da9dd
BM.GE
31.05.22 11:02
680
მოყვარული თუ პროფესიონალი თავგადასავლების მაძიებლები ყოველთვის თანხმდებიან, რომ უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. საქართველოს მთებში აღმოჩენილი თავისუფლება დაუვიწყარია და ამ შთაბეჭდილებების სრულად შეგრძნებაში მთავარ როლს სამთო გამყოლი ასრულებს, რომელიც უსაფრთხოების ერთმნიშვნელოვანი გარანტია.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან სამთო გამყოლებმა აიმაღლეს პროფესიული კვალიფიკაცია და ახლა ისინი უკვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლები არიან.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან სათავგადასავლო ტურიზმით პროფესიულად გატაცებული 20 მონაწილე, წლის ოთხივე სეზონის განმავლობაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად - ადვილი, რთული და საშუალო სიძნელის სათავგადასავლო ტურის მართვის თეორიული სწავლება და პრაქტიკული წვრთნებს გადის. შედეგად კი, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა ხდება და ეკონომიკური სარგებლის გაუმჯობესების პერსპექტივა ჩნდება, ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ 25 ქვეყანაში აღიარებული იყოს ქართველი საფეხმავლო გამყოლის პროფესია.

"ჩვენ დავასრულეთ საფეხმალო გამყოლის გადამზადების ხანგრძლივი და საინტერესო კურსი, რომელიც დაფუძნებული იყო ევროპულ გამოცდილებაზე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შესაძლებლობა მიეცა, რომ შეემუშავებინა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საფეხმავლო გამყოლთა სასწავლო მოდული და განეხორციელებინა სწავლება. ახლა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 20 კურსდამთავრებული ფლობს ყველა საჭირო უნარს და ნებისმიერი ტიპის კლიმატურ და გარემო პირობებში შეუძლია უსაფრთხო მეგზურობა გასწიოს საქართველოს შთამბეჭდავ საფეხმავლო ტურებში“ - ამბობს არჩილ ცინცაძე, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი.

სათავგადასავლო ტურიზმი, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ქალი-მთის შვილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა. მათი ინტერესი განსაკუთრებით გამოიკვეთა საფეხმავლო გამყოლის კურსის მსვლელობისას. სრული ჩართულობა, ყველა ტიპის კლიმატურ პირობებში პრაქტიკული წვრთნების წარმატებით დასრულება და დასახული მიზნის მიღწევა სხვებისთვისაც სამაგალითო და მამოტივირებელი გახდა. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტები ვიკა ფილფანი და რუსუდან ვარშალომიძე.

„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით მე, ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა კიდევ უფრო გავიმყარეთ ცოდნა და შევიძინეთ უფრო მეტი პრაქტიკული უნარები ისეთი საინტერესო პროფესიისთვის, როგორიც არის საფეხმავლო გამყოლი. მე პირადად ვარ სვანეთიდან და ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების და პროფესიული სერთიფიკატის მოპოვების შემდგომ, ჩემი კონტრიბუცია საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის ხარისხის ამაღლებაში თვალსაჩინო იქნება.“ - ამბობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტი ვიკა  ფილფანი. 
 
„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო სამთო ნავიგაციის სრულყოფილი შესწავლა და პროფესიულ დონეზე სანავიგაციო ხელსაწყოების ფლობა. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი პროფესიონალი გამყოლის კომპეტენციაში. მოხარული ვარ, რომ ამ სასწავლო პროგრამის მონაწილე ვარ და საფეხმავლო გამყოლის პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავედი“ - აღნიშნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტმა რუსუდან ვარშალომიძემ. 

პროექტ GRETA-ს პარტნიორი - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პრეზიდენტი, დავით რაქვიაშვილი გვიყვება, რომ მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში ისწავლეს რისკების მართვა, ლოჯისტიკა და ტურის დაგეგმვა.

„მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის პერსპექტივითაც ძალიან დიდი და სერიოზული აღიარება მიიღო საქართველომ, როდესაც საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია სამთო გამყოლთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

20 სამთო-გამყოლის პროფესიული კვალიფიკაცია ახლა უკვე არის საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის და სტატუსის შესაბამისი და ეს კიდევ დამატებით მოტივაციას მისცემს საერთაშორისო მოგზაურებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩვენი ბუნება და ტურისტული შეთავაზებები არის უნიკალური და ამასთან ერთად ახლა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტის მომსახურებაც. მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც იტყვიან ფრაზას „ქართველი სამთო გამყოლი“ ეს იქნება ხარისხის, სტანდარტის ნიშანი და ეს იქნება მსოფლიოში აღიარებული ბრენდი!“-ამბობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პრეზიდენტი, დავით რაქვიაშვილი. 

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში იგეგმება ასევე კულტურული გამყოლების კვალიფიკაციის ამაღლებაც, სადაც მონაწილეებს დაუვიწყარ თავგადასავლებთან ერთად პროფესიული ზრდის შესაძლებლობაც მიეცემათ.

ცნობისთვის, პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. უფრო მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.gretaproject.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები