საქართველოში 301 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული - ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2024 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპენსიო სესხის მომხმარებელთა რაოდენობა 53 ათასით არის შემცირებული.
სესხების მთლიანი რაოდენობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკრედიტო პორტფელის ზომა და ის 423 მილიონ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში ის 401 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,402 ლარია.
ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24.7%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი პირველ კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.