საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში 116 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 ერთეულით არის შემცირებული.
მათგან 17.2% მდებარეობს კახეთის, 17.2% – შიდა ქართლის, 15.5% – იმერეთის, 14.7% ქვემო ქართლის, 9.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 9.5% მცხეთა-მთიანეთის, ხოლო 16.4% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი წლიურად გაიზარდა და ასეთია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.6 ლარი (წლიური ზრდა 3.5 ლარი), ღორის დაკვლის საფასური – 31 ლარი (წლიური ზრდა 2 ლარი), ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი (წლიური ზრდა 30 თეთრი).
საქსტატის, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაკლული პირუტყვის რაოდენობამ 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 23.9 ათასით იკლო და 144.2 ათასი სული შეადგინა, საიდანაც 28.1% იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6% – ღორი, ხოლო 15.4% ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8%-ია.
ამასთან, 4 900 ერთეულითაა შემცირებული სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში 3 009 800 ფრინველი დაიკლა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის III კვარტალში 1.9 ათასით მეტი, 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4% – ფრინველის ხორცზე, 34.3% – ღორის ხორცზე, 2.2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
მომსახურება 1.9 ათასით ნაკლებ, 8.4 ათას პირს გაეწია, საიდანაც 57% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა.