საქართველოში სასამართლო განაჩენების გამოქვეყნება დაიწყება - ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წინაშე აღებული ვალდებულება, რასაც ღია მმართველობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.
განაჩენების გამოქვეყნება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ზრდას ისახავს მიზნად. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ახალ მონაცემთა ბაზაში გადაწყვეტილებები პერსონიფიცირებული მონაცემების გარეშე გამოქვეყნდება და მათში მომჩივნების და დაზარალებულების ვინაობა რეტუშირებული იქნება.
“მართლმსაჯულების სისტემის ანგარიშვალდებულების გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი. აღნიშნულის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფა (პერსონალური მონაცემების დაცვით). წინამდებარე ვალდებულების ფარგლებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით პროაქტიულად გამოქვეყნდება საერთო სასამართლოების მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტი დეპერსონალიზებული სახით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო აქტი მოიცავს საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება,”- ნათქვამია ღია მმართველობის ეროვნულ გეგმაში.
გეგმის თანახმად, განაჩენების გამოქვეყნების სისტემა 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა ამოქმედდეს.
დეპერსონალიზებული სახით სასამართლო განაჩენების გამოქვეყნების საპილოტე პროგრამა საერთო სასამართლოების სისტემამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რაც ვებგვერდ ecd.court.ge-ის მეშვეობით განხორციელდა. თუმცა, უკანასკნელი განაჩენი ამ სისტემაში დეპერსონალიზებული სახით 2020 წლის 30 აპრილს აიტვირთა.