"ღია მმართველობის პარტნიორობამ" (OGP), რომლის წევრიც საქართველო 2011 წლიდან იყო, ქვეყანას წევრობა ოფიციალურად შეუჩერა. როგორც IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი BMGTV-ის "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განმარტავს, წლების განმავლობაში საქართველო ამ პლატფორმის ლიდერი იყო, თუმცა, სხვა მიზეზებთან ერთად, რუსული კანონის მიღებამ ქვეყნის უკან დახევა გამოიწვია.
"ღია მმართველობის პარტნიორობა გულისხმობს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას ღია მმართველების მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმების გარშემო. იგულისხმება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას, სახელმწიფო სერვისების განვითარებას… ეს არის პლატფორმა, სადაც არა მხოლოდ განვითარებული დემოკრატიები, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებიც ერთმანეთს უზიარებენ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს ამ საკითხებზე - რეფორმებს, რომლებიც წარმატებულია.
საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო იყო, ქვეყანა OGP-ის წევრი გახდა 2011 წელს და 2012 წელს პირველი სამოქმედო გეგმა წარადგინა მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით - საქართველო იყო ერთ-ერთი სამაგალითო ამ თალსაზრისით, ამით გაითქვა სახელი", - აღნიშნავს გიორგი კლდიაშვილი.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც OGP-ში საქართველოს ლიდერი პოზიციები შესუსტდა, იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის მინისტრობისას მოხდა, რის შემდეგაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების მიერ უფრო გაძლიერდა.
"ერთ-ერთი პირველი "გახლეჩა" მოხდა, როდესაც დაიწყო შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლების ერთობლივი ფორუმი - ღია მმართველობა საქართველოს - ტარდება. თავდაპირველად ეს იყო იუსტიციის სამინისტროში, ანტიკორუფციულ საბჭოსთან, მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ იმ პერიოდში მინისტრი, თეა წულუკიანი, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებით გამოირჩეოდა, მივმართეთ OGP-ის სამდივნოს, რომ შეუძლებელი იყო ამ ფორმატში თანამშრომლობა და გარკვეული ცვლილებები იყო საჭირო. ამის შემდგომ ფორუმი მთავრობის ადმინისტრაციაში გადავიდა, მერე კოვიდის შემდგომ იყო ჩავარდნა, როდესაც მთავრობამ არ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა და მიიღო გაფრთხილება.
საბოლოო ჯამში, შარშან დეკემბერში დაამტკიცა მთავრობამ გეგმა, მაგრამ, ამავდროულად, იყო რუსული კანონის პირველი ინიციირება, რომელიც მთლიანად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას და მას შემდგომ, რაც უკვე შეუძლებელი გახდა მთავრობასთან თანამშრომლობის ფორმატის შენარჩუნება, ჩვენ კვლავ მივმართეთ ღია მმართველობის პარტნიორობას, იმის გამო რომ არ მიმდინარეობდა სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, გრძელდებოდა თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, გამოუძიებელი იყო მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები, მივმართეთ სწრაფი რეაგირების მექანიზმის ამოქმედების თხოვნით. ამის შემდეგ მიიღეს რუსული კანონიც და უფრო რეპრესიული ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის მხრიდან. ცხადია, ამის შედეგია, რომ საქართველო ლიდერი ქვეყნის როლიდან აღმოჩნდა ქვეყანა, რომელსაც წევრობა შეუჩერეს", - განმარტავს გიორგი კლდიაშვილი.
მისივე თქმით, რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც OGP-მ სახელმწიფოებს წევრობა შეუჩერა, აზერბაიჯანს, თურქეთსა და უნგრეთს მოიცავს: "პრობლემური ქვეყნები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასთან ვერ თანამშრომლობენ".
IDFI-ის დირექტორი განმარტავს, რომ OGP-ის რეკომენდაცია საქართველოსთვის წევრობის აღდგენისთვის, პირველ რიგში, იმ კანონების გაწვევაა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას.
"[რუსული კანონი] არის ძირითადი პრობლემა. ის რეკომენდაციები და დათქმები, რომლებიც OGP-მ საქართველოს მთავრობას მიაწოდა, ზუსტადაც ამ შემზღუდველი კანონების გაუქმებას გულისხმობს, რაც ბოლო პერიოდში მიიღო პარლამენტმა. კერძოდ ეს არის მედიის და სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველი კანონები.
ასევე რეკომენდაციაა, რომ შეჩერდეს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, მიეცეთ მათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. უბრალოდ, დღემდე გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს, დღითი დღე ახალი პრობლემები ჩნდება საქართველოსთვის ამის გამო. რა უღირდა "ოცნებას" რეიტინგის დაკარგვის, ურთიერთობების გაფუჭების, ასეთი მნიშვნელოვანი პლატფორმებიდან გამოძევების ფასად, გაურკვეველია", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა.
ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები.
OGP-ში განმარტავენ, რომ წევრობის შეჩერება მოხდა იმ გაფრთხილებების შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო სტრატეგიის მიღების დაგვიანების, ამ სტრატეგიაში OGP-ისთვის არადამაკმაყოფილებელი და არაამბიციური მიზნების განსაზღვრის და შემდეგ 2024 წლის მაისში სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი რუსული კანონის მიღების გამო.