ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, „ოცნების“ ანტიდასავლური, რუსული პოლიტიკა და კანონი ჩავარდა. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
კლდიაშვილი განმარტავს, რომ "რუსული კანონის" მიხედვით, დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებმაც საჯარო რეესტრში განაცხადები შეიტანეს, ხელისუფლების ან პარტიული ორგანიზაციები არიან. და მმართველი ძალა ამას სტატისტიკისთვის აკეთებს.
გიორგი კლდიაშვილი იმასაც განმარტავს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება ჰქონდათ და განაცხადები შეიტანეს, ეს ნაბიჯი „დრაკონული ჯარიმის“ შიშით გადადგეს. სწორედ ამიტომ მიაჩნია IDFI-ის დირექტორს რუსული კანონი ჩავარდნილად.
„სამარცხვინო რეესტრში რეგისტრაცია არ გაიარა, ანუ რუსულ დრაკონულ კანონს არ დაემორჩილა და დაუპირისპირდა ორგანიზაციების და მედია საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც რუსული კანონის მიხედვით ვალდებულება ჰქონდა დარეგისტრირებულიყვნენ. ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე და თვით ლიკვიდაციაზე შეიტანეს განაცხადი. ასეთი ძალიან ბევრი განაცხადი შევიდა საჯარო რეესტრში.
იმ მცირე რაოდენობის დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის იქნება ბევრი ე.წ. “გონგო” (ანუ ხელისუფლების ან პარტიის კონტროლის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციები), რომლებსაც არც უცხოური დაფინანსება ექნებათ, არც არანაირი აქტივობა, უბრალოდ ორგანიზაციად ფიქსირდებიან და მხოლოდ რაოდენობისთვის და სტატისტიკისთვის, ე.წ. “მასოვკისთვის” დაარეგისტრირეს (სრული მობილიზაცია ჰქონდა ქოცნებას და ხელისუფლებას გამოცხადებული ამაზე). ანუ ამ კანონის მიხედვით, სულაც არ ევალდებულებოდათ მათ დარეგისტრირება, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა დარეგისტრირებულიყო მათ მიერ შექმნილ რეესტრში და დაარეგისტრირეს ეგეთები (მაგას ვინ გაარკვევს, ეკუთვნოდათ თუ არა რეგისტრაცია, მთავარია რაოდენობა ხომ გაზარდეს რეგისტრირებულების).
ხოლო ვინც დარეგისტრირდა და ვალდებულება ჰქონდა რეგისტრაციის, არავის სურდა დარეგისტრირება და რომ არა დრაკონული ჯარიმის შიში, ნამდვილად არავინ დარეგისტრირდებოდა ამ სამარცხვინო აგენტების რეესტრში.
ესაა ზუსტად ოცნების ანტიქართული, ანტიდასავლური და რუსული პოლიტიკის და კანონის ჩავარდნა.
ახლა დაიწყონ მონიტორინგი და დაჯარიმება, ყურებზე ხახვი ვერავის დააჭრან!“, - წერს გიორგი კლდიაშვილი.