Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, ინფლაციური წნეხის გამო გლობალურად სასტუმროების ფასები გაიზარდა, მაგრამ საქართველოში ჭარბი მიწოდების გამო იგივე ნიშნულზე დარჩა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფასების ზრდა, ერთის მხრივ, სასტუმროებში გაზრდილმა კონკურენციამ, ხოლო მეორე მხრივ, თბილისზე მოთხოვნის შემცირებამ შეზღუდა.

„თბილისში ქსელური სასტუმრო ოთახების რაოდენობა 2019-24 წლებში 1.8-ჯერ გაიზარდა. ამასთან, ზრდა თითქმის თანაბარი იყო საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში.
საქართველოში ტურისტების რაოდენობის აღდგენა ძირითადად ახალი - აზიური ბაზრებიდან ნაკადების ზრდით იყო გამოწვეული, თუმცა ტურისტების გეოგრაფიის ცვლილება საქართველოს რეგიონებში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე, განსაკუთრებით თბილისზე არათანაბრად აისახა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ტურიზმის სექტორის კვლევის მიგნებებზე BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა ისაუბრა. კითხვაზე - რატომ ვერ გრძნობენ ტურიზმის დარგის წარმომადგენლები გასულ წელს 4.4 მლრდ დოლარამდე გაზრდილ შემოსავლებს, თათია მამრიკიშვილი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია შემოსავლები განთავსებისა და სხვა სერვისების მიმართულებებად ჩაიშალოს. კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით თბილისში მდებარე სასტუმროებმა ვერ იგრძნეს და მიზეზებს განმარტავს.
2024 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით მიღებული 4.4 მლრდ დოლარი გავააანალიზეთ და განთავსებასა და სხვა სერვისებზე გაწეულ ხარჯებად ჩავშალეთ. განთავსებაზე გაწეულ ხარჯებზე დაახლოებით 35% ანუ 1.5 მლრდ დოლარი მოდის. ეს 2019 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ანუ შემოსავლების ზრდასთან ერთად გაიზარდა ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯები, თუმცა ტურისტული პროფილის ცვლილებით, მაგალითად უფრო გრძელვადიან ვიზიტორებად - ციფრული ნომადები, მიგრანტები, სტუდენტები - ამან მოთხოვნა გრძელვადიანი გაქირავების ფორმატებზე გააჩინა და არა სასტუმროებზე, შესაბამისად, განთავსებაზე გაწეულ ხარჯებზე სასტუმროების წილი შემცირებულია და ყველაზე ნაკლებად განთავსებაზე გაწეული ხარჯების ზრდით სასტუმროებმა ისარგებლეს.

თუ სასტუმროების მაჩვენებელს დავაკვირდებით, ეს პრობლემები ძირითადად თბილისის სასტუმროებს აქვთ, ბათუმის და სხვა რეგიონების სასტუმროებისგან მსგავსი პესიმისტური სენტიმენტები ნაკლებად არის. თბილისში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლების ერთ-ერთი ფაქტორი მიწოდების ზრდაა და თვითონ კონკრეტულად თბილისში მოთხოვნის შემცირებაა. ჩვენი შეფასებით, ვინც დედაქალაქში ქმნიან მოთხოვნას - ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და ა.შ. - აქედან გასულ წელს ტურისტების მაჩვენებლები შემცირებული იყო, რამაც ტურიზმში თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის არათანაბარი აღდგენა გამოიწვია. შესაბამისად ეს თბილისის სასტუმროებს შედარებით უარყოფითად შეეხო“, - განმარტავს თათია მამრიკიშვილი და იქვე დასძენს, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკა გაუმჯობესებულია: „თუ 2025 წლის დინამიკას დავაკვირდებით, რაც 7%-ით არის გაზრდილი, აქ ძირითადი კონტრიბუტორები ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და ისრაელი იყვნენ, რაც თბილისში სასტუმროების მაჩვენებლებზე დადებითად აისახა. პირველ ნახევარში უკეთესი შედეგები იყო“.
Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თბილისში სასტუმროების დაგეგმილი მიწოდება მკვეთრი ზრდის შემდეგ შედარებით ნორმალიზდა, თუმცა მიწოდების დაგეგმილი ზრდა ტურისტული ნაკადების მართვას საჭიროებს.
„თბილისში დატვირთულობის შესანარჩუნებლად, ტურისტების რაოდენობა წლიურად საშუალოდ 6.5%-ით უნდა გაიზარდოს. ალტერნატიულად, საჭირო იქნება 4.3-დღიანი დარჩენის ხანგრძლივობის ზრდა/მიწოდების ოპტიმიზაცია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.




























