საქართველოს შაქრის ერთადერთმა მწარმოებელმა - შპს "აგარის შაქარმა“ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 23%-ით შემცირდა და 116.2 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიამ წელი 2.5 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2023 წელს ის 4.8 მილიონი ლარის მოგებაზე იყო.
ანგარიშის თანახმად, ზარალის მიზეზად სახელდება პროდუქციის რეალიზაციის შემცირება, ხარჯების ზრდა და ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი საკურსო ზარალი — 497 ათასი ლარი.
კომპანიამ 2024 წელს ნედლეულის თვითღირებულებაზე 110.5 მილიონი ლარი დახარჯა, რაც თითქმის მთლიანად (97%) პირდაპირ მასალებზე მოდიოდა. ადმინისტრაციული ხარჯები 6.37 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ნაკლებია წინა წელთან შედარებით (2023 — 6.52 მლნ ლარი).
გაყიდვებისა და დისტრიბუციის ხარჯები კი 1.7 მილიონი ლარია.
მიმდინარე ანგარიშგების თანახმად, გადამუშავებული ნედლეულის მოცულობა 2024 წელს 56.8 მილიონ კილოგრამამდე შემცირდა — 2023 წლის 73.2 მილიონიდან და 2022 წლის 86.8 მილიონიდან
აქტივების შემცირება და ფინანსური მაჩვენებლები
კომპანიის საერთო აქტივები 2024 წლის ბოლოს 46.2 მილიონ ლარამდე შემცირდა, წინა წლის 64.9 მილიონთან შედარებით.
მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ კომპანია აგრძელებს ოპერირებას რთულ ბაზარზე, სადაც ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება და შაქრის მსოფლიო ფასების მერყეობა მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.
ანგარიშის თანახმად, აგარის შაქრის მფლობელია ანატოლია თრეიდ კომპანი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე კი ბიზნესმენი ახმად აბდოლბარი გოზალი.




























