მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატია - ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი
16.03.24 15:18
535

საქართველოში შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი არსებობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიევმა თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროში და ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის.

„არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, დიდი აქტივია, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს", - განაცხდა მან.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

"მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები