"ოცნების" მთავრობაში შს მინისტრი გელა გელაძე აბსურდს და სიცრუეს უწოდებს BBC-ის საგამოძიებო ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დაშლისთვის აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენებოდა.
გელა გელაძე უარყოფს მისი წინამორბედის ვახტანგ გომელაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებ და ის უწყებამ 2009-2010 წლებში შეისყიდა. შს მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ გომელაურის მიერ ნახსენებ წლებში სხვადასხვა ნივთიერება შეიძინეს თუმცა არა კამიტი. უფრო მეტიც ის ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „კამიტი“ არასდროს შეუსყიდია.
„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ე.წ. კამიტის გამოყენებას სრული აბსურდი და სიცრუეა. არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. პირადად მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელებულა და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შსს-ს ე.წ. კამიტი არ შეუსყიდია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და ყველაფერს პასუხი გაეცემა.
ბატონი ვახტანგი [გომელაური] რასაც გულისხმობდა 2009 წელს სხვადასხვა ნივთიერებებია შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს „კამიტი“ არ არის.
დარწმუნებით გეუბნებით, რომ ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ საქართველოში აღნიშნული ნივთიერება არასდროს არ შესყიდულა. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება სხვადასხვა სახის და არა კამიტი.
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ გამოყენებულა შსს-ს მხრიდან. რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა“, - განაცხადა გელა გელაძემ და ჟურნალისტების კითხვაზე - რა ნივთიერება გამოიყენებოდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად, ასე უპასუხა: „ყველა ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა აქციების დაშლისთვის არის გამოყენებული კანონიერად არის ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიებიდან, რომელიც აპრობირებულია წამყვან ქვეყნებში“.
1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო ტოქსიკური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა.
BBC-მ მოიპოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პროტოკოლი, სადაც ნახსენებია ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება:
- ქიმიური სითხე UN1710: რომელიც, BBC-ის მტკიცებით, არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი – კანცეროგენად მიჩნეული გამხსნელი.
- ქიმიური ფხვნილი UN3439: კოდი, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს მოიცავს. BBC-ის ინფორმაციით, ერთადერთი ნაერთი ამ კოდით, რომელიც ოდესმე გამოყენებულა არეულობების კონტროლის საშუალებად, არის ბრომობენზილ ციანიდი („კამიტე“).




























