2025 წლის განმავლობაში საქართველომ 243 მილიონი დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განახორციელა. იმპორტის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5 მილიონი დოლარით, ანუ 3%-ით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში საქართველომ ყველაზე მეტი 145.7 მილიონი დოლარის მობილური ტელეფონები კვლავ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინა, რაც თავის მხრივ მსოფლიოში ტელეფონების რეექსპორტის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა 53.6 მილიონი დოლარით ჩეხეთი, რაც ასევე ტელეფონების რეიმპორტს წარმოადგენდა, მესამე პოზიციას კი 22.5 მილიონი დოლარით ვიეტნამი იკავებს, რაც ასევე რეიმპორტია. პირდაპირ ჩინეთიდან იმპორტი 12 მილიონ დოლარს, ჰონკონგიდან კი 5.1 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა იმპორტირებული ტელეფონების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩინეთსა და ჰონკონგის ადმინისტრაციულ ერთეულში არის წარმოებული.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტელეფონების იმპორტი შემცირდა 2024 წელსაც. თუკი 2023 წელს ქვეყანამ 285 მილიონი დოლარის 878 ათასი ცალი ტელეფონი შეიძინა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 252 მილიონ დოლარამდე და 828 ათას ტელეფონამდე შემცირდა. რაოდენობრივად 2025 წლის მაჩვენებლები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
არსებული მდგომარეობით საქართველოში იმპორტირებული ერთი ტელეფონის საშუალო ღირებულება 304 დოლარს, ანუ 824 ლარს შეადგენდა. ამას თავის მხრივ ემატება დღგ-ის 18%, რის შედეგადაც ერთი ტელეფონის იმპორტის საშუალო ღირებულება 973 ლარს აღწევს. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ერთი ახალი ტელეფონის საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებშია.
საგარეო მოთხოვნა საქართველოში ნაყიდ ტელეფონზე:
რაც შეეხება მობილურების რეექსპორტს ის მინიმალურია და რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სინამდვილეში საქართველოში ნაყიდი ტელეფონების მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომ უცხოეთში ხვდება. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობდა თურქეთში არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც მობილურზე სპეციალურ საბაჟო გადასახადს აწესებს, შედეგად ახალი აიფონის (17 პრო) ფასი თურქეთში 2500 დოლარის ტოლია, მაშინ როდესაც ის საქართველოში 1500 დოლარი ღირს. აღნიშნულიდან გამომდინარე თურქი ვიზიტორები ხშირად საქართველოში ტელეფონს ყიდულობდნენ. თუმცა, თურქეთმა შემდგომ ტელეფონის რეგისტრაციის სავალდებულო წესი დაადგინა და მომხმარებლებს უცხოეთში შეძენილი ტელეფონის რეგისტრაციისთვის 54,240 ლირას გადასახადი დაუდგინა, რაც დოლარში ამჟამად 1,250 დოლარის ტოლია. მაღალი გადასახადის მიუხედავად, ვიზიტორთა ნაწილი ტელეფონს კვლავ საქართველოში ყიდულობს და შემდეგ ტელეფონის რეგისტრაციას თავს არიდებს.




























