საქართველოში თხევადი გაზის (LPG) ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ძირითადად განპირობებულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობითა და მაღალი საგადასახადო ტვირთით - ამის შესახებ BMG-სთან „თხევადი გაზის ასოციაციის” ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია საუბრობს.
მისი თქმით, თხევად გაზზე არსებული აქციზის განაკვეთი ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და ეკომეგობრული საწვავის პოპულარიზაციას აფერხებს.
„ევროპული რეგულაციებით, თხევადი გაზის აქციზი ბენზინთან შედარებით ოთხჯერ ნაკლები უნდა იყოს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს განაკვეთები ერთმანეთთან ასე ახლოსაა - 325 ლარი გაზზე და 500 ლარი ბენზინზე. აქციზი 125 ლარი უნდა იყოს. ჩვენთან კი ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,“ - ამბობს ნიკა ხოფერია BMG-სთან.
მისივე პროგნოზით, აქციზის კორექტირების შემთხვევაში საწვავის ფასი კიდევ 5-8 თეთრით დაიკლებდა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, სექტორის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია ეკომეგობრული საწვავის საგადასახადო შეღავათებით წახალისება, რაც პირდაპირ აისახებოდა როგორც მომხმარებლის ჯიბეზე, ისე ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
ამჟამად LPG-ის ფასი საქართველოში 1.30-დან 1.40 ლარამდე მერყეობს. ნიკა ხოფერიას თქმით, ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და ბევრი მოთამაშე ოპერირებს, რადგან, სექტორში შესვლა მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია და ბაზარი ჩაკეტილი არ არის.
ამასთან, ნიკა ხოფერიას განმარტებით, სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში გაზის მარაგების შესანახი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ეს ფაქტორი ქვეყანას იმპორტზე უკიდურესად დამოკიდებულს ხდის, განსაკუთრებით კი, ლარსის გამშვები პუნქტის შეფერხებით მუშაობის შემთხვევაში.
„ინფრასტრუქტურა საკმარისად არ არის განვითარებული და მარაგების შენახვის საშუალება საქართველოში არ გვაქვს. თუკი ლარსზე ორი კვირით რაიმე შეფერხება ხდება, მყისიერად იქმნება დეფიციტი და ფასი მაშინვე იწევს,“ - აღნიშნავს ხოფერია.



























