მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წელიწადში 5 900 ტონამდე ერთჯერადი პლასტმასა გამოიყენება - მთავრობა რეგულირებაზე მუშაობს

ერთჯერადი პლასტიკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების მიხედვით, პლასტმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 612.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც 3.9-დან 5.9 ათას ტონამდე მოცულობას შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას პლასტიკის მწარმოებლები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ისეთი მოდელის განხილვა, რომელიც დააბალანსებს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და კერძო სექტორის ეკონომიკურ ინტერესებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი რეგულაციები ითვალისწინებს გონივრულ ვადებში ახალ მოთხოვნებზე ეტაპობრივად გადასვლას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისე ბიზნესის მდგრად განვითარებას.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის რეგულირებაზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციის ნაწილში, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია. რეგულაციები მოიცავს როგორც გარემოსდაცვით, ისე ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათის უვნებლობის ასპექტებს. ბიზნესთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული გამოწვევები, კონკრეტული დეტალები და ვადები, რათა რეგულაციებზე გადასვლა იყოს ეტაპობრივი და მაქსიმალურად რეალისტური“, – განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტორზე, რომ რეგულაციების ამოქმედება უნდა მოხდეს ეტაპობრივად.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული ტიპის პლასტმასის პროდუქციის იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ შეზღუდვას. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებზე გადასვლა მოხდეს სტაბილურად და უმტკივნეულოდ როგორც იმპორტიორებისთვის, ისე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.

შპს „ლანჩგრუპის“ დირექტორის, ნინო მელაძის თქმით, ადგილობრივი წარმოებისთვის რეგულაციების შესრულება გარკვეული სირთულეებით იქნება დაკავშირებული, თუმცა პროცესი რეალიზებადია.

„შესაძლებელია შეთანხმება გონივრულ ვადებზე. იმპორტიორებისთვის გადასვლა შედარებით მარტივი იქნება, ხოლო მწარმოებლებისთვის — უფრო რთული, თუმცა პრობლემა გადაჭრადია“, – აცხადებს მელაძე.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები