საქართველოში საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa-ზე ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 50 ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეხვდნენ. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
3-დღიანი ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
„სამიტი ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ევროპულ ბაზარზე და ცნობას ამაღლებას.
გლობალური გამოწვევების ფონზე, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სამიტის ორგანიზება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ სრულიად უსასყიდლოდ შეხვედრები გაემართათ პოტენციურ პარტნიორებთან.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და მომავალ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრები გამართა“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, B2B Summit by Tarifa საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობაა გაეცნონ ახალ პარტნიორებს, მიიღონ ახალი წინადადებები, მოიზიდონ ახალი ჯგუფები და ჩამოიტანონ ახალი იდეები ქვეყანაში. მან აღნიშნა, რომ ეს ბიზნესტურიზმის ერთ-ერთი მსხვილი კონგრესია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
„სამიტის ფარგლებში საქართველოში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ. აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ეძებენ ახალ დანიშნულების ადგილებს და ამ პირობებში საქართველო პოზიციონირდება, როგორც ახალი და უსაფრთხო მიმართულება, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ ახალი ჯგუფების ჩამოყვანა“, - აღნიშნავს მაია ომიაძე.




























