მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თვეში ერთი ადამიანი საშუალოდ 16 GB მობილურ ინტერნეტს მოიხმარს - ComCom

ComCom

საქართველოში თვეში მობილური ინტერნეტის მოხმარება საშუალოდ ერთ ადამიანზე თითქმის 16 GB შეადგენს, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, გულორდავამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციების მნიშვნელოვანი ასპექტები შეაჯამა. კერძოდ, მისი თქმით, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ბოლო მონაცემებით, 6.4 მილიონი იყო, საიდანაც „მაგთიკომს“ - 2.6, „სილქნეტს“ - 2.3, „სელფი მობაილს“ — 1.5 მილიონი აბონენტი ჰყავდათ.

გოგა გულორდავამ აღნიშნა ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომს“ - 1.95, „სილქნეტს“ - 1.80, ხოლო „სელფი მობაილს“ - 1.37 მილიონი აბონენტი ჰყავდათ.

რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მოხმარებას საშუალოდ ერთ ადამიანზე თვეში, ComCom-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა თითქმის 16 GB შეადგინა და ყოველწლიურად მზარდია. ტენდენციების მიმოხილვისას, გოგა გულორდავამ ფიქსირებულ ინტერნეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, მას 1 208 000 აბონენტი ჰყავდა, ხოლო ჯამში ოჯახების 97% იყენებდა.

„როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აბონენტებს ჰქონდეთ ხელსაყრელი პირობები როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მედიის მიმართულებით კი ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ფაქტებზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ღონისძიების ფარგლებში გოგა გულორდავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზეც გაამახვილა ყურადღება: „ComCom-მა შექმნა არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აბონენტებმა გაიმარტივონ ინტერნეტის მოხმარება. კერძოდ, კომისიამ შექმნა პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კომისიას, რომელიც კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.“ — აღნიშნა მან.

გოგა გულორდავამ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით 3000 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 260 000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები