საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰელ ალ ნუაიმის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები მზარდია და მნიშვნელოვნად ძლიერდება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია და საამიროების კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ ადგილობრივ პარტნიორებთან დაკავშირების კუთხით. ელჩმა აღნიშნა, რომ UAE-ს კომპანიები მზად არიან საინვესტიციო შესაძლებლობები ყველა სექტორში გამოავლინონ.
დღეს დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო დუბაის ბიზნესფორუმი გაიმართა.
ელჩის თქმით, Eagle Hills-ის პროექტი არის უმსხვილესი, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიები საქართველოში მუშაობენ. როგორც აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰელ ალ ნუაიმი აცხადებს, კომპანია გაყიდვების ოფისს დღეს გახსნის, რასაც დაესწრება როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ირაკლი კობახიძე.
პროექტის მასშტაბებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ საწყისი $6 მილიარდი დოლარიდან ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ელჩის თქმით, „Eagle Hills“-ის პროექტი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ასეთი დიდი კომპანიის შემოსვლა, სავარაუდოდ, ბევრ სხვა ინვესტორსაც მოიზიდავს საქართველოში. ინვესტიცია გახსნის კარს სამუშაო ადგილებისთვის და მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივ შემოქმედებით ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას.
მზარდი ვაჭრობა და სამომავლო გეგმები
ელჩმა ახსენა ლოგისტიკის სექტორში აბუ დაბის პორტების (AD Ports-ის) მაგალითი, რომელმაც თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. ინტერესი არსებობს სხვა სფეროებშიც, განსაკუთრებით სუფთა ენერგიის და ლოჯისტიკის სექტორებში, სადაც ელჩი იმედოვნებს, რომ რამდენიმე პროექტი მალე რეალობად იქცევა.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა, ელჩის თქმით, ციფრებითაც დასტურდება. კავშირების გაღრმავების გზებზე საუბრისას, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა დიალოგის მნიშვნელობა და ისეთი პლატფორმების შექმნა, როგორიც დღეს არსებობს, რაც ორივე ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებების დასაკავშირებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა.




























